დიაბეტისგან განკურნება ნიშნავს ცხოვრებას ინსულინის ყოველდღიური ინიექციების გარეშე - ამ კრიტერიუმით, ახალი სამედიცინო კვლევის 12-დან 10 მონაწილე, გაუმჯობესებული ერთწლიანი ღეროვანი უჯრედების თერაპიის ჩატარების შემდეგ, დიაბეტისგან განიკურნა.
ფარმაცევტული კომპანია Vertex Pharmaceuticals Incorporated-ის კვლევის პროცესში გამოიყენეს ლაბორატორიაში გაზრდილი პანკრესიასის კუნძულოვანი უჯრედები, რომლებიც პაციენტების ღვიძლში შეიყვანეს. ერთი წლის შემდეგ, პაციენტთა 83%-ს ინსულინის ინიექციები აღარ დასჭირდათ. ამ მეთოდის ერთ-ერთი გამორჩეული სარგებელი სისხლში შაქრის სახიფათო დონემდე კლების, იგივე ჰიპოგლიკემიის სწრაფი პრევენციაა. კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის მიღებამდე ერთი წლით განმავლობაში, პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ჰიპოგლიკემიის სულ მცირე ორი ეპიზოდი ჰქონდათ, უჯრედების გადანერგვის შემდეგ კი - აღარ.
რა არის ღეროვანი უჯრედების თერაპია?
ღეროვანი უჯრედი იმ ტიპის უჯრედია, რომელსაც თითქმის ყველა სხვა ტიპის უჯრედად ქცევის უნარი აქვს. შესაბამისად, მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა, ლაბორატორიაში გაზარდონ საჭირო რაოდენობისა და დანიშნულების უჯრედები. ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, ასეთი უჯდერები პანკრეასის კუნძულებია, რომელთა უმრავლესობაც ინსულინს გამოიმუშავებს.
როგორ მუშაობს თერაპია?
ლაბორატორიაში გამოყვანილი უჯრედები პაციენტის სხეულში ინერგება, რისთვისაც ყველაზე ხელსაყრელი ორგანო ღვიძლია.
მიმდინარე კვლევით, გადანერგილი უჯერედების ფუნქციონირება, მკურნალობის XV-880 მეთოდის წყალობით, პირველი სამი თვის განმავლობაში გაუმჯობესდა, სისხლში გლუკოზის დონე უფრო მარტივად სამართავი გახდა და მწვავე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ გამოვლენილა. გაუმჯობესდა ინსულინის გამომუშავება.
ტრანსპლანტაციიდან პირველივე წლის განმავლობაში, კვლევის მონაწილეებმა შეძლეს ინსულინის ინიექციების შემცირება, ვიდრე მათი უმრავლესობა ჰიპერგლიკემიის პრევენციის ამ მეთოდისგან სრულად არ გათავისუფლდა.
გვერდითი ეფექტები
დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდის ერთ-ერთი ძირითადი გვერდითი მოვლენა ისაა, რომ კვლევის მონაწილეებს სიცოცხლის ბოლომდე იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღება მოუწევთ, რათა მათმა იმუნურმა სისტემამ გადანერგილ უჯრედებს არ შეუტიოს. ეს ყველაფერი ინფექციისა და ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს ზრდის, რადგან იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოტენციურად სიმსივნური უჯრედების მოშორებაში.
კვლევის ორი მონაწილე გარდაიცვალა - მოკვლევამ დაადასტურა, რომ მათი გარდაცვალება მკურნალობის ახალ მეთოდთან კავშირში არ არის. მონაწილეთა უმრავლეს ნაწილში მხოლოდ საკვების მომნელებელი სისტემების გაღიზიანება და თავის ტკვილი გამოვლინდა.
როდის გავრცელდება მკურნალობის ახალი მეთოდი უფრო ფართოდ?
XV-880 მეთოდისთვის უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარება უკვე იგეგმება, თუმცა რთულია იმის თქმა, როდის იქნება თერაპია ყველასთვის ხელმისაწვდომი. იგივე კომპანია, Vertex გეგმავს, რომ უჯრედების თერაპიის ის ტიპიც გამოიკვლიოს, რომელიც იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს.
ასევე უცნობია, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თერაპიის მსურველთა სეგმენტს. უცნობია ისიც, რამდენ ხანს ინარჩუნებენ გადანერგილი უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას.
კვლევა ჯამურად 10 წლის განმავლობაში გრძელდება - თერაპიის ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ პირველი შემოწმება ტარდება, კიდევ 5 წლის შემდეგ კი კვლევები უფრო მნიშვნელოვან ეტაპებზე გადადის. სწორედ ამ გეგმით შეიძლება რა დრო დასჭირდება თერაპიის საბოლოო დამტკიცებასაც. მიუხედავად ამ ბუნდოვანებისა, კვლევის მიმდინარეობა ფრთხილი ოპტიმიზმის უფლებასაც იძლევა. შესაძლებელია სულ მალე ვიხილოთ მოცემულობა, რომელშიც ინსულინის ყოველდღიური ინიექციები საჭირო აღარაა.