საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "M-სერვისის" საჩივარზე საქმის მოკვლევის დაწყება დაუშვებლად მიიჩნია.
საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს წინააღმდეგ იყო მიმართული და "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას ეხებოდა.
კერძოდ, შპს "M-სერვისი" ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებსა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა. მომჩივანი მხარის შეფასებით, ტენდერის პირობები - მათ შორის პროდუქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, შესყიდვის ობიექტის კლასიფიკაცია და სავარაუდო ღირებულება - პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს ზღუდავდა და ბაზარზე კონკურენციას აფერხებდა.
სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოში უკვე მიმდინარე დავა გახდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლითა და იმავე მხარეებს შორის დავა უკვე წარმოებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, "კონკურენციის შესახებ" კანონის 24-ე მუხლზე დაყრდნობით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება დაუშვებლად ცნო.
რეესტრის მონაცემებით, შპს "M-სერვისის" დირექტორი თამაზ დვალიშვილია, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება "კომპანია მედინსერვი" ფლობს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გურამ ჯავახაძეა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 10 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო 1 საქმესთან დაკავშირებით აღებულ იქნა პირობითი ვალდებულება. ამასთან, 2 საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმისწარმოება.
























