საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ამერიკული საინვესტიციო კომპანია Bain Capital Investors-ის მიერ Volkswagen AG-ის შვილობილ კომპანია Everllence SE-ში აქციების არაპირდაპირ შეძენას თანხმობა მისცა. სააგენტოს შეფასებით, გარიგება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია და ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს.
GCCA-ის მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გარიგება კონგლომერატულ კონცენტრაციას წარმოადგენს. სააგენტოს განმარტებით, Bain Capital Investors-სა და Everllence SE-ს საქმიანობას შორის ჰორიზონტალური გადაფარვა არ წარმოიქმნება და შესაბამისად, კონცენტრაციის დონე არ იცვლება. სააგენტოს შეფასებით, გარიგება ასევე არ ზრდის მხარეების შესაძლებლობას, ერთი ბაზრიდან მეორეზე ძლიერი საბაზრო პოზიციის გადატანით შეზღუდონ კონკურენტების, მომხმარებლების ან მიმწოდებლების წვდომა ბაზარზე.
Everllence SE Volkswagen Group-ის შვილობილი გერმანული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს სამრეწველო და ენერგეტიკის სექტორებში. კომპანია აწარმოებს საზღვაო და სტაციონარულ ძრავებს, კომპრესორებსა და ტურბინებს და ავითარებს მძიმე ინდუსტრიის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებს. Bain Capital, თავის მხრივ, გლობალური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო კაპიტალში, ვენჩერულ ინვესტიციებში, კრედიტებსა და უძრავ ქონებაში ახორციელებს ინვესტიციებს.
Volkswagen-ის მიერ ივნისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ Bain Capital-თან Everllence-ის 51%-იანი წილის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია, ხოლო Volkswagen-ი საშუალოვადიან პერიოდში კომპანიის 49%-იან წილს შეინარჩუნებს. Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების შედეგად Volkswagen-ისთვის მისაღები თანხა დაახლოებით 7.4 მილიარდი ევროა. ტრანზაქციის დასრულება, მათ შორის, თანამშრომლებთან მოლაპარაკებებსა და სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ თანხმობის გაცემაზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც ირკვევა გარიგებას საქართველოს მარეგულირებლის - ანუ კონკურენციის სააგენტოს თანხმობაც ესაჭიროებოდა.
საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის გარეთ განხორციელებული კონცენტრაცია GCCA-ს წინასწარ უნდა ეცნობოს, თუ მას საქართველოს შიდა ბაზარზე გავლენა აქვს. სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს GCCA-მ ჯამში 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
























