მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის სახელმწიფო დახმარების კონტროლში პროგრესი არ არის|რას წერს ევროკომისია GCCA-ზე?

GCCA

ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში სახელმწიფო დახმარების კონტროლის სისტემა ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ხოლო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ამ მიმართულებით სათანადო ინსტიტუციური და აღსრულების შესაძლებლობები არ აქვს.

"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინსტიტუციური ჩარჩო და აღსრულების შესაძლებლობები კვლავ საჭიროებს გაძლიერებას",- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წესები ადგენს სახელმწიფო დახმარების კონტროლის სისტემას. მთავრობებს სახელმწიფო დახმარების გაცემის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ დაცულია მკაცრად განსაზღვრული პირობები, რომელთა მიზანია კონკურენციის დამახინჯების თავიდან აცილება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დახმარების სფეროში (მაგალითად: ბიზნესის სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები, შეღავათიანი სესხები და ა.შ.) ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივი ჩარჩოს დაახლოების მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა.

ევროკომისია მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში სააგენტოს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება სახელმწიფო დახმარების კანონიერებასთან ან კონკურენციაზე მისი გავლენის შეფასებასთან დაკავშირებით. სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ სახელმწიფო დახმარებების შესახებ მინიმალური ინფორმაციის შეგროვებით.

"საქართველოს კონკურენციისა და სახელმწიფო დახმარების შესახებ კანონმდებლობა ვრცელდება საჯარო საწარმოებსა და იმ საწარმოებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები. საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური საერთო ინტერესის მქონე მომსახურებების დაფინანსების მარეგულირებელი წესების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა",- წერია შეფასებაში.

აღნიშნული გამოწვევის შესახებ გაფართოების 2025 წლის ანგარიშშიც იყო საუბარი. მაშინ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობდა, რომ ანგარიშის შეფასება მათი მუშაობის შედეგებზე არასამართლიანი იყო.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კომპანიების შერწყმის საკითხებში ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

"2025 წლის დეკემბერში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შეიტანა ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გამოთვლის წესებში, რათა უზრუნველყო უფრო მკაცრი და სტანდარტიზებული მიდგომა, ევროკავშირის შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეგულაციის (EC) №1/2003 შესაბამისად.

ასევე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის რეგულაციასთან (EC) №139/2004 უფრო მეტად დაახლოების მიზნით. ცვლილებები შეეხო ეკონომიკური კონცენტრაციის მონაწილე სუბიექტების ერთობლივი ბრუნვის გამოთვლის წესებს, მათ შორის, იმ ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ბრუნვის გათვალისწინებას, რომლებიც კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის მაკონტროლებელი პირის კონტროლს ექვემდებარებიან",- წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები