საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებული გაფართოების უახლესი ანგარიში სააგენტოს საქმიანობას არასამართლიანად აფასებს. მან ამის შესახებ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ორ თავში შეფასდა სააგენტო, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით.
"რბილად რომ ვთქვა, ბოლო გაფართოების ანგარიშში არასამართლიანია ჩვენი უწყების მუშაობის შედეგები და შეფასება. ჩვენ რაც გავაგზვნეთ ბოლო ანგარიშში, იქნებოდა ეს კანონმდებლობის გაუმჯობესების, აღსრულების გაძლიერების თუ ინფორმირების სტანდარტის გაუმჯობესების მიმართულებით თემები, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით, მათი დიდი ნაწილი ასახულია ამ ანგარიშში, გარკვეული ნაწილი არასრულად არის ასახული, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ შეფასება რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვურთიერთობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც კანდიდატი ქვეყნები არიან და სამივე მიმართულებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც კანონმდებლობის გაძლიერების, აღსრულების, ასევე ინფორმირების სტანდარტის გაუმჯობესების მიმართულებით, თუ უკეთესი არა, არავისზე ნაკლები შედეგი არ გვაქვს. მოვამზადეთ აღნიშნულ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით გაეგზავნება ალბათ შესაბამის უწყებას",- ამბობს ლექვინაძე.
გაფართოების უახლესი ანგარიშის თანახმად, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული იყო, ევროკავშირის წესები ადგენს სახელმწიფო დახმარების კონტროლის სისტემას. მთავრობებს სახელმწიფო დახმარების გაცემის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ დაკმაყოფილებულია შემზღუდავი პირობები, კონკურენციის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით კი აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელმწიფო დახმარების შესახებ სამართლებრივი ჩარჩო არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ასევე ხაზგასმულია, რომ GCCA-ს ინსტიტუციური ჩარჩო და აღსრულების შესაძლებლობები გაძლიერებას საჭიროებს.




























