რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პერმიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ჯამში მაგისტრალის 261 კილომეტრია გახსნილი.
“ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი. მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს პროცესი გრძელდება.
დღეს ჩვენ საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ყველას, გადაადგილებას. გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა”, - აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, რიკოთის მაგისტრალურ გზაზე 100-მდე ხიდი და 50-მდე გვირაბი შენდება, რაც ყველაზე მასშტაბური პროექტია ქართულ რეალობაში.
“შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში 52 კილომეტრი იქნება. შენდება 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია - ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი, ”, - აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერმა სამუშაოების დასრულების ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიკოთის მონაკვეთი სრულად 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.