“არ შეიძლება მუდმივად მოლოდინის რეჟიმში იყო” - სანამ APM TERMINALS POTI-ის ინვესტორი ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე „ქართული ოცნების“ მთავრობისგან თანხმობას მიიღებს, არსებული პორტის გაფართოებაზე იწყებს მუშაობას. უკვე დაწყებულია არხის დაღრმავების კვლევა, რომელიც წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ეს არის დროებითი ზომა, რათა ფოთის პორტი გაზრდილ ტვირთნაკადს გაუმკლავდეს.
“ჩვენ შესწავლის ეტაპზე ვართ, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან ვთანამშრომლობთ და არსებული პორტის ფარგლებში გვინდა მოვახდინოთ გამტარუნარიანობის გაზრდა. ახალი პორტის პროექტი საკმაოდ დაგვიანდა, ამიტომ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და არსებული პორტის ფარგლებში სიმძლავრე უნდა გავზარდოთ.
ეს არის დროებითი ზომები. ორ წელზე მეტია ველოდებით და დადებითი პასუხი არ მიგვიღია ეკონომიკის სამინისტროდან. არ შეიძლება მუდმივად მოლოდინის რეჟიმში იყო. ჩვენი ძირითადი იდეაა ახალი ნავსადგურის მშენებლობა. რაც არ უნდა მცირეოდენი გაფართოება გავაკეთოთ არსებულ პორტში, თვითონ პორტის დიზაინი არის მოძველებული, მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული.
თანამედროვე რეალობის მიხედვით, ჩვენ უნდა გვქონდეს (არა მხოლოდ ჩვენ, როგორც კომპანიას, არამედ საქართველოს) კავკასიის და ცენტრალური აზიის მომსახურე ე.წ. „შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი“. თუ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ჰაბი, მაშინ უნდა გვქონდეს ახალი ნავსადგური. ეს პროექტი ძალაშია, უბრალოდ არსებულ ნაკადებს რომ გავუმკლავდეთ, გვჭირდება დამატებითი სიმძლავრეების გამონახვა”,- აცხადებს ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.




























