მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პრემიერი და ძველით ახალი მთავრობა – რას ველოდოთ? ელენე კვანჭილაშვილი, რედაქტორის სვეტი

ელენე კვანჭილაშვილი

8 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან უკვე ახალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტარებს, დამსწრე სტუმრებს და ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს – სამთავრობო ხედვა გაგვაცნო. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა, განვითარება მისი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება და სწორედ ამიტომ, პირველი ვიცე–პრემიერის პოსტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაიბარებს.

ირაკლი კობახიძის პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატის რანგში გამოსვლა „ანალიტიკა“–სთვის საინტერესო, პირველ რიგში იმით აღმოჩნდა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ გუნდიდან პირველი აღმოჩნდა, ვინც ეკონომიკური პოლიტიკის ფილოსოფია ახსნა: „ჩვენ შემოსავლებში ვართ მემარჯვენეები; ხარჯებში – მემარცხენეები“, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ სამიზნედ – არც მეტი, არც ნაკლები – 0%–იანი სიღარიბის მიღწევა დაასახელა.

ვინ როგორ აფასებს კობახიძის ეკონომიკურ ხედვას?

მეტწილად შინაარსს მოკლებული და გაუგებარი აღმოჩნდა ეს გზავნილები „ანალიტიკა“–ს რესპოდენტებისთვის, რომლებმაც პირდაპირ ეთერში შეაფასეს ახალი პრემიერის მიერ პარლამენტის წინაშე წარმოთქმული სიტყვა, რის საფუძველზეც მას და მის არც თუ ისე ახალ გუნდს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ნდობა გამოუცხადა.

სანდრო რაქვიაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ კობახიძე ღარიბაშვილისგან იმით განსხვავდება, რომ მის პასუხებში უფრო მეტი გულწრფელობა იგრძნობა. „ის თქვა, რასაც ვხედავთ. ერთი მხრივ, ვერ დააბრალებ, რომ გადასახადები კატასტროფულად იზრდება – მემარჯვენეები არ არიან, გადასახადები იზრდება, თუმცა ნელა იზრდება – მაგალითად: აქციზი, სხვადასხვა მოსაკრებლები და ა.შ. მაგრამ უარესიც შესაძლებელი იყო – ამბობს სანდრო რაქვიაშვილი „ანალიტიკა“–სთან – მეორე მხრივ, როცა ამბობ, რომ მეტს ხარჯავ, ეს ხომ ტექნიკურად შეუძლებელია. საიდანღაც ეს ფული ხომ ჩნდება. თუ ვალია, ე.ი. მომავალ თაობას ბეგრავ, თუ ფულს ბეჭდავ, ინფლაციის გადასახადია მოსახლეობაზე. სინამდვილეში ეს კიდევ ერთხელ ავლენს, რომ შეიძლება პასუხი გულწრფელი იყო – მე მგონია, რომ გულწრფელი იყო – მაგრამ ეს ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ ირაკლი კობახიძეს არ ესმის, რა არის პრობლემა“. როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, მის ყურს პირველ რიგში სწორედ 0%–იანი სიღარიბე მოხვდა. „ეს თეორიულად შეუძლებელი ამოცანაა – ამბობს „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში პარტია „გირჩი“–ს წარმომადგენელი – ღარიბი ყოველთვის იარსებებს“. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, დიფერენციაცია სულ იქნება: „ახლა რომ ევროპაში ეძახიან ღარიბს, ის შეიძლება შუა საუკუნის მეფეზე უკეთესად ცხოვრობდეს, მაგრამ საშუალო გერმანელთან შედარებით, ღარიბია – ამბობს სანდრო რაქვიაშვილი – სიღარიბე შედარებითი კატეგორიაა. აქედან გამომდინარე სიღარიბე სულ იარსებებს. უკიდურესი სიღარიბე – როცა ადამიანს ელემენტარული რამ არ ყოფნის სიცოცხლისთვის – ამ პრობლემაზე უნდა იყოს საუბარი“. პარტია „გირჩი“–ს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ზოგადად დამახასიათებელია ასეთი უხეში ეკონომიკური შეცდომები.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რაც ირაკლი კობახიძემ სიღარიბეზე თქვა, მხოლოდ ლამაზი ფრაზაა – 0 სიღარიბე. „არ ესმის მაგ ადამიანს, რომ სიღარიბე ზოგადად ფარდობითი ცნებაა და ყველაფერი შედარებითია – ამბობს „გირჩი – მეტი თავისუფლება“– ს ლიდერი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – ეს ქვეყანა როცა გამდიდრდება და შეძლებული ქვეყანა გახდება და მე მჯერა, რომ ჩვენ მივალთ ამ წერტილამდე, მაშინაც ამ ქვეყანაში იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შედარებით ღარიბები იქნებიან და იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შედარებით მდიდრები იქნებიან. ყველაფერი შედარებითია“. ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, სიღარიბის შემცირება ქვეყანაში ვერ მიიღწევა. „ჩვენ ისედაც გვაქვს ბევრი რისკები, რის გამოც აქ ფულის ჩადებას ერიდებიან ის ინვესტორები, ვისაც აქვს ან თავისუფალი კაპიტალი ან ხელი მიუწვდება იაფ სესხზე და შეიძლება ეს ფული სადღაც დააბანდოს“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე „ანალიტიკა“–სთან თუმცა იქვე დასძენს, რომ შესაძლებელია, მათ შორის, სწრაფადაც, ბევრი რამის შეცვლა, ოღონდ ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნება“–მ ძალაუფლება უნდა დაკარგოს. მისი თქმით, ყველა ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვასთან, სასამართლო სისტემის გამართვასთან, სწრაფ პრივატიზაციასთან თუ მეტ კონკურენციასთან – რეალურად – „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების დათმობაზე გადის. ჩემს კითხვაზე – როგორ ესმის მას „ქართული ოცნების“ ეკონომიკური ფილოსოფია – „მემარჯვენე შემოსავლებში; მემარცხენე ხარჯებში“ – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ფრაზას შინაარსი არ გააჩნია.საკმაოდ აბსურდულ განცხადებას უწოდებს ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. „ეს ნიშნავს, რომ კატასტროფულად დიდი დეფიციტი გვექნება – ამბობს გიგა ბედინეიშვილი „ანალიტიკა“–სთან – თუ ჩვენი ხარჯები აღემატება ჩვენს შემოსავლებს, მაშინ [ირაკლი კობახიძე] დიდ დეფიციტს გვპირდება. მეორე მხრივ ლაპარაკობს, რომ დეფიციტი შევამცირეთო, აღნიშნავს როგორც დადებით მიღწევას და ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. დეფიციტი რაც უფრო მცირეა, მით უკეთესია – მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ ბალანსირებული ბიუჯეტი იყოს, თუმცა ეს ოცნების სფეროა. ამდენად, თუ მცირე დეფიციტი კარგია და ამაზე მე და ირაკლი კობახიძე ვთანხმდებით, ვერ ვიქნებით მემარჯვენეები შემოსავლებში და მემარცხენეები ხარჯებში“. როგორც გიგა ბედინეიშვილი ამბობს, ყველაზე საიმედო განსხვავება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის მთავრობის ზომით იზომება – „მემარცხენეობა არის დიდი მთავრობა; მემარჯვენეობა – მცირე ზომის მთავრობა“. „მთავრობის ზომის აღება მემარჯვენეობა–მემარცხენეობის შესაფასებლად სწორი მიდგომაა – ამბობს გიგა ბედინეიშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – თუმცა, თუ დეფიციტი პატარაა, მაშინ მემარჯვენეები უნდა ვიყოთ შემოსავლებშიც და ხარჯებშიც. ან მემარცხენეები უნდა ვიყოთ ორივე თვალსაზრისით. მემგონი, ცოტა უფრო მემარცხენეობისკენ ვიხრებით, თუ შევხედავთ ზოგადად „ქართული ოცნების“ პოლიტიკას – არ ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი საგადასახადო ტვირთი გვაქვს, ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის გაცილებით მეტი ტვირთი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება და ვიდრე შეგვიძლია, რომ გვქონდეს“. ჩემს კითხვაზე – ხარჯებში მემარცხენეობით ხომ არ აპირებს ირაკლი კობახიძე 0%–იანი სიღარიბის მიღწევას – გიგა ბედინეიშვილი მპასუხობს, რომ ამ განცხადებას საერთოდ აზრი არ აქვს. „რას ნიშნავს 0%–იანი სიღარიბე? სიღარიბე ფარდობითი ცნებაა“ – ამბობს გიგა ბედინეიშვილი, რომელიც ზოგადად სკეპტიკურად უყურებს სტატისტიკურად სიღარიბის გამოხატვის შესაძლებლობას: „სიღარიბე ყოველთვის განისაზღვრება თვითონ ქვეყნის შიგნით ფარდობით დოვლათში და 0 სიღარიბე რას ნიშნავს, ყველა მდიდარი ვერ იქნება, ხომ? ვიღაც ვიღაცასთან შედარებით ხომ მაინც უფრო ღარიბი იქნება? ამიტომ სტატისტიკური აბსურდია ის, რომ 0 სიღარიბე გვექნება“.

საგარეო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული (ეკონომიკური) საკითხები

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინაშე თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან და ამ მიმართულებითაც საქართველო თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს უცვლელად დატოვებს – უფრო მეტად გააქტიურებს ვაჭრობას ევროკავშირთან, DCFTA-ის შესაძლებლობების უკეთ ათვისების გზით და იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან FTA-ის გაფორმებაზე. მეორე მხრივ, შუა დერეფნის კონტექსტში გააღრმავებს ურთიერთობებს ჩინეთთან.

როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ნინო სამხარაძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის გადანაცვლებას თუ შევხედავთ, პოლიტიკის თვალსაზრისით რაიმე ძირეულ ცვლილებებს შეიძლება არ ველოდოთ, თუმცა, რიტორიკული ცვლილებები სავარაუდოდ მაინც იქნება. ჩემს თხოვნაზე, დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად რიტორიკულ ცვლილებებში, ნინო სამხარაძემ ასეთი პასუხი გამცა: „კობახიძე ცხადად გამოჩნდა, რომ ბევრად უფრო წინაა პარტიის წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით, ვიდრე, ვთქვათ, მაშინაც კი როცა პრემიერი იყო, იყო ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე, კობახიძე ალბათ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება ამ მიმართებით – ეს შეიძლება გამოიხატოს ვიზიტებში, ეს შეიძლება გამოიხატოს მათ შორის რიტორიკული სიხისტის გამძაფრებაშიც. ეს სიხისტეები ძირითადად ჩვენ გვხვდებოდა ხოლმე უკუ–კრიტიკაში, რომელიც საქართველოდან მიდიოდა იმ აქტორების მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, გამოირჩეოდნენ ჩვენს მიმართ გარკვეული შენიშვნებით – განსაკუთრებით აქ იგულისხმება კოლექტიურ დასავლეთში ის აქტორები, რომლებიც, როგორც წესი, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამენ ხოლმე იმ შენიშვნებს, ხარვეზებს, უკუსვლებს, რაც ჩვენ ქვეყანაში ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით არის ხოლმე. გარდა ამისა, ჩვენ, მაგალითისთვის ვნახეთ, რომ სანამ პრემიერი გახდებოდა, კობახიძე იყო სახელმწიფოს სახე ჩინეთთან ურთიერთობაშიც. ჩინეთთან ურთიერთობა დღეს, მოდი ასე ვიტყოდი, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე საკითხია. აქედან გამომდინარე, კობახიძემ ალბათ უნდა გამოკვეთოს, საერთოდ რა გვინდა ამ ეტაპზე ჩინეთისგან. რისკები და შესაძლებლობებიც, თუკი ასეთი არსებობს, ბევრად უკეთ უნდა დაალაგოს საზოგადოებისთვის. რა გამოიკვეთება აქედან, ეს ცალკე საკითხია და ალბათ წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება“.

ნინო სამხარაძეს ის ციტატებიც შევახსენე, რამაც საგარეო პოლიტიკური კუთხით ყველაზე მეტად მომჭრა ყური. დეოკუპაციის კონტექსტში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრის რანგში „მოუწევს“ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა; ხოლო ე.წ. რუსული კანონის შესახებ ახლა უკვე პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის ზრდა, თუმცა კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და მისი უკან გაწვევა მოხდა. ნინო სამხარაძე მეთანხმება, რომ ეს ორი საკითხი ერთი დიდი პაზლის ნაწილია. „ერთი მხრივ, თუკი შევხედავთ იმ ფაქტს, რომ თავად ირაკლი კობახიძე საკუთარ ფუნქცია–მოვალეობებს პრემიერის რანგში ოდნავ განსხვავებულად უყურებს, ცხადია, ეს ლოგიკურად შეიძლება აიხსნას. ასეც უნდა იყოს წესითა და რიგით, როცა პარტიის ხელმძღვანელობიდან ინაცვლებ კაბინეტის ხელმძღვანელობაში – ამბობს ნინო სამხარაძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ ყოვლისმომცველ პრობლემას ჩვენთვის, როგორიც არის ოკუპაცია, მე მგონია მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ პრემიერობის ჩარჩოთი – როგორც გაფართოებულ ფუნქცია–მოვალეობაში აღიქვა, თუ აღმასრულებელ ფუნქცია–მოვალეობაში ეს კონკრეტული დავალება, რომ ჩავიდეს იქ [საოკუპაციო ხაზთან] – ბატონმა კობახიძემ რა განზომილებაში აღიქვა ეს გადაწყვეტილება. ეს თავად იცის მხოლოდ, მაგრამ მე საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ მე მგონია, რომ უკეთესი იქნება თუ სრულად სახელმწიფოს მმართველი ელიტა – პარლამენტიდან დაწყებული, ნებისმიერი შტოთი დამთავრებული გაიზიარებს ზოგადად ამ პოზიციას. ასეც უნდა იყოს“.

რაც შეეხება ე.წ. რუსული კანონის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ რაიმე ფორმით ამ კანონის გაცოცხლებას უნდა ველოდოთ. „აი, აქ, ზოგადად მემგონი ლოგიკური მოლოდინიც არის და როგორც ბატონმა კობახიძემ კონკრეტულად თავის სიტყვაში, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმაც უკვე ნელ–ნელა დაიწყეს ბევრად უფრო ინტენსიურად გაჟღერება იმ იდეისა, რომ რევიტალიზაცია მოხდება ალბათ ცოტა ხანში ამ იდეის სხვა ფორმით. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნების წელია და ბევრად უფრო ფრთხილი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალა – ამბობს ნინო სამხარაძე – თუმცა ამ სიფრთხილის მიღმა აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სამოქალაქო საზოგადოების და კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსების რაიმე ფორმით ლეგალური შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არის ერთგვარი განგაში იმის შესახებ, რომ არ ვიცი, იმავე თუ რაიმე სხვა ფორმით თუ ფორმულირებით მოსალოდნელია, რომ გაცოცხლდება ეს თემა, ისევ დადგება ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თუ ზოგადად, პოლიტიკური პროცესის დღის წესრიგში. საბოლოო ჯამში, ამ ტიპის მმართველობა ძალიან კონსოლიდირებული ხდება, ამის გაზომვადი ფაქტები არსებობს და ამას ძალიან პროფესიონალურ ოპონირებას უწევს, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოება“.

რა ართულებს პოლიტიკის განჭვრეტადობას?

„ცარიელ ადგილზე მთავრობა მარტო ჩვენთან იცვლება“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ბევრი ლოგიკური შემთხვევა იყო, როცა ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა თანამდებობა დაეტოვებინა – მაგალითად, ალეკო ელისაშვილის აზრით, სამთავრობო თვითმფრინავით საკუთარი შვილის ამერიკაში, სასწავლებლად გადაფრენა შეიძლება ყოფილიყო ერთი ასეთი შემთხვევა. „ან ვთქვათ, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა ღარიბაშვილს და ეს გავაჩერეთ და ახლა შემოვატრიალებთ. მაგრამ ეს ხომ ასე არ მომხდარა? მთავრობა შეიცვალა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცაზე გაბრაზდა – ამბობს „მოქალაქეები“–ს ლიდერი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – შესაბამისად, არაფერი არ შეცვლილა, საერთოდ“. ალეკო ელისაშვილის თქმით, არც ის ვიცით, რაზე გაბრაზდა ბიძინა ივანიშვილი. „გაბრაზდა კორუფციაზე? – არ ვიცით, პრობლემაც ეს არის, შესაბამისად, სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ, აზრი არ აქვს“. ალეკო ელისაშვილს კარგი მმართველობის მაგალითად ევროპის ქვეყნები მოჰყავს და ამბობს, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლება, პირველ რიგში, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. „ანგარიშვალდებულების ღერძი ჩვენთან არის გაღუნული“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მთავარი საზრუნავი არც სიღარიბის შემცირება და არც სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრა არ იქნება: „კობახიძე ახლა ზის და კარგად აანალიზებს, რა არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრების – კვირიკაშვილის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ბახტაძის – რომ ზუსტად გაიგოს და ის არ გაიმეოროს იმიტომ, რომ ისევ არ გააბრაზოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩვენთან აბსურდი და ეს ხდის ჩვენი მართვის მოდელს აბსოლუტურად გაუგებარს“.

კორუფციას პრემიერის ცვლილების მნიშვნელოვან ფაქტორად არ თვლის ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, ქვეყანა კორუფციას ნამდვილად მიაქვს, თუმცა არა იმ დონეზე, რომ ეს რიგით მოქალაქეს პირდაპირ შეეხოს. „რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ივანიშვილისთვის პრობლემა კორუფცია და რა შემთხვევაში შეიძლება ის წავიდეს ისეთ ნაბიჯზე, რომ გადაადგილოს ხალხი – მათ შორის, შეცვალოს პრემიერმინისტრი? – მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კორუფცია საზოგადოებისთვის იმდენად აუტანელი ხდება, რომ ეს ხდება მისთვის პოლიტიკური პრობლემა და ამის გამო შეიძლება მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქროს – ამბობს „გირჩი – მეტი თავისუფლება“–ს ლიდერი ანალიტიკა–ს პირდაპირ ეთერში – მე ჯერ მაგას ვერ ვხედავ. ეგ განცდა საზოგადოებაში არ ჩანს“. ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკაში, რომ ჩათვალა – მის ძალაუფლებას სხვა ტიპის საფრთხე ემუქრება. „რა ხდება კონკრეტულად – საფრთხე დაინახა, რომ არჩევნები შეიძლება წაეგოთ წლის ბოლოს, თუ საფრთხე დაინახა, რომ კონტროლს კარგავდა საკუთარ გუნდზე და შიგნით იყო რაღაც ამბავი – მილიონი ჭორი მსმენია, მაგრამ არ მიყვარს ამ ჭორებზე საუბარი – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ამ ნაბიჯებს დგამს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არ დაკარგოს ძალაუფლება, არ დაკარგოს კონტროლი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში თავს ვეღარ გრძნობს უსაფრთხოდ. ზუსტად რისთვის გადაადგილა არ ვიცი, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე იყო პრობლემა და ამიტომ შეცვალა პრემიერი და თავდაცვის მინისტრი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე „ანალიტიკა“–სთან.

გაგრძელება იქნება ...