ორთოპედიული მატრასების მწარმოებელი ქართული კომპანია Royal Georgia მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. 2024 წლის გეგმებზე BMG-სთან თავად ბრენდის დამფუძნებელმა, თეა მაისურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ახალი ფილიალი სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება.
"წელს ორი ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პირველი სავაჭრო ცენტრ "საბაში" 1 მარტს გაიხსნება, ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რომ ვაკის ფილიალის გარდა, სხვაგანაც გვქონოდა ჩვენი მაღაზია. "საბაში" გვექნება როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა.
გარდა ამისა, აჭარის რეგიონში, ბათუმში ვიწყებთ მოლაპარაკებებს 15 მარტიდან. განვიხილავთ კოლაბორაციას ავეჯის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებთან. ეს გვჭირდება, რადგან საქართველოს ბაზარზე საწოლების აგებულებას, თხელ დიქტებს, რომლებზეც შემდეგ მატრასი თავსდება, დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მათი უხარისხობა კი მატრასების დეფორმირებას განაპირობებს. ამიტომ აუცილებელია, რომ საწოლიც მაღალი ხარისხის იყოს, მხოლოდ მატრასის შიგთავზი მათ გამძლეობას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს მთლიანი პროდუქტი შევთავაზოთ", - ამბობს თეა მაისურაძე და განმარტავს, რომ 1 თვეში აჭარის ფილიალის შესახებ მეტი ინფორმაცია ექნებათ.
აჭარის რეგიონის ათვისების შემდეგ, Royal Georgia იმერეთის ბაზარზეც შევა, მაღაზიის გახსნა კი ქუთაისში იგეგმება.
Royal Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია წელს ახალი ტიპის დანადგარით იწყებს მუშაობას. იგეგმება ასევე ახალი, მაღალი ხარისხის მატრასების წარმოებაც, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით შეერთებული შტატების ბაზარზე სარგებლობს.
"ჩამოვიტანეთ სპეციალური საკერავი მანქანა, რომელიც, უკვე მიმდინარე წლიდან, მატრასებისთვის დამცავების შესაკერად გამოიყენება.
წლის მთავარი სიახლე ისაა, რომ მატრასების წარმოებას გელ-ფლექს ბადის შიგთავსით ვგეგმავთ. ეს არის მასალა, რომელიც აშშ-ში ძალიან პოპულარულია. არის ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე პროდუქტი, რომელიც უძლებს დიდ წონას, არ ტყდება ან დეფორმირდება. ნედლეულზე შეკვეთა უკვე მიცემულია და ველოდებით, რომ უკვე ზაფხულიდან ბაზარს ახალ პროდუქტს შევთავაზებთ. პირველები ვიქნებით მთელს ამიერკავკასიაში, რომლებსაც ეს მასალა ექნებათ.
რაც შეეხება ფასებს, მასალა აშშ-იც საკმაოდ ძვირად ღირებულია, $2000-5000-ის ფარგლებშია მისი ღირებულება, თუმცა გვექნება საშუალება, ჩვენს მომხმარებელს ბიუჯეტურ ფასად შევთავაზოთ. მათი ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრება, განსხვავებით ტიპური მატრასებისგან, რომლებიც 5-15 წელი ძლებს", - ამბობს თეა მაისურაძე.
Royal Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უცხოეთიდან იმპორტირებულ თითოეულ პროდუქტს საერთაშორისო ხარისხის გარანტიის სერტიფიკატებიც მოყვება, რაც ადასტურებს, რომ წარმოებული მატრასები მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.
საქართველოს ათვისების შემდეგ Royal Georgia საკუთარ წარმოებას საერთაშორისო ბაზრებსაც გააცნობს. ამისთვის კომპანია წელს სხვადასხვა გამოფენაში, მათ შორის აზერბაიჯანსა და გერმანიაში, მიიღებს მონაწილეობას.
Royal Georgia-მ ორთოპედიული მატრასების წარმოება 2014 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ კომპანია 50-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ბრენდული მაღაზია ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარეობს, მათი პროდუქციის ასორტიმენტი კი სხვადასხვა, 20-მდე მაღაზიაში, შესაბამისი ფასნამატით იყიდება.