ქართულ ბაზარზე ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა Dabudu.com ამოქმედდა, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაა.
პლატფორმის თანადამფუძნებელი, ქრისტინე ჩიქოვანი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ Dabudu.com - ის მთავარი ამოცანა რეგიონის დახმარებაა, რათა ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო შრომის ბაზარზე გასვლა შეძლონ.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კურსების გავლა, უნარების განვითარება და განათლება ერთმანეთთან იქნებოდა კომბინაციაში. ეს უნარები უნდა იყოს მოთხოვნადი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ამასთან, გვინდოდა ადამიანებისთვის საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებაშიც შეგვეწყო ხელი“, - აცხადებს ქრისტინე ჩიქოვანი.
მისივე თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს მხოლოდ საგანმანათლებლო კურსებს არ სთავაზობს და აქცენტი, სწავლიდან დასაქმებამდე სრულ ციკლზე.
"ჩვენი მოტივაციაა, ადამიანებს არამხოლოდ კურსების გავლაში დავეხმაროთ, არამედ ვაჩვენოთ, როგორ დაიწყონ ნულიდან და როგორ მივიდნენ დამსაქმებლამდე", - აღნიშნავს პლატფორმის თანადამფუძნებელი.
მისი ინფორმაციით, Dabudu.com-ზე მუშაობა კომპანიაში ორი წლის წინ დაიწყეს. პლატფორმის გაშვების შემდეგ კი, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა : "როდესაც პლატფორმა გაეშვა, ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობის გარეშე წამოვიდა დიდი ინტერესი და ძალიან მოკლე დროში მივიღეთ ისეთი შედეგები, რასაც არ ველოდით", - ამბობს ის.
ამ ეტაპზე Dabudu.com მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, თუმცა კომპანიის გეგმებში სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გაფართოებაც შედის.
„ჩვენი რეგიონის უნარები ფართო მასშტაბით ნაკლებად არის ცნობილი. გვინდა, ეს შეიცვალოს, რომ საერთაშორისო ბაზარმა გაიგოს, რა პოტენციალი არსებობს აქ და ადამიანებმა საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის უნარები, რაზედაც აქამდე შესაძლოა არც დაფიქრებულან“, - აცხადებს ქრისტინე ჩიქოვანი.
მისივე თქმით, პლატფორმაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ინგლისური ენის კურსებზე ფიქსირდება, რაც საერთაშორისო დამსაქმებლებთან კომუნიკაციის აუცილებლობას უკავშირდება.
„ინგლისური ენის გარეშე ძალიან რთულია უცხოელ დამსაქმებელთან ურთიერთობა. ამის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადია ციფრული მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება, დევოფსი და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები“, - ამბობს ჩიქოვანი.
Dabudu.com უკვე თანამშრომლობს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც პლატფორმის კურსდამთავრებულების დასაქმებითა და სტაჟირებით არიან დაინტერესებული.




























