მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სასწავლო კურსი, „მთის მდგრადი განვითარება“ შეიქმნა

mta

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციურიხის უნივერსიტეტის საერთო ახალი სასწავლო კურსი, „მთის მდგრადი განვითარება“ შეიქმნა. კურსი შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსდა და მისი ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ციურიხის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი გვანცა სალუქვაძეა.

„2 წელი გვქონდა იმისთვის, რომ ამ კურსზე გვემუშავა. შეგვექმნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სილაბუსი და ისეთი ფორმა მიგვეცა ამ კურსისთვის, რაც ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები იქნებოდა და სტუდენტები არ დაიჩაგრებოდნენ," - აღნიშნა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას გვანცა სალუქვაძემ.

სასწავლო კურსი პარალელურ, ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში ტარდება ორივე უნივერსიტეტში და აერთიანებს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. სასწავლო მოდულის მიზანია სტუდენტებმა ფართო კონცეპტუალური და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით, შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების კანონზომიერებები და თავისებურებები, ალპებისა და კავკასიის მთიანი რეგიონების მაგალითზე.

„ასევე შეისწავლონ მთიანი რეგიონების შესახებ წარმოებული დისკურსები და არსებულ გამოწვევებზე (მაგ., კლიმატის ცვლილება, ტურიზმი, მიგრაცია) რეაგირების გზები. ამის მისაღწევად კურსი დაყოფილია თემატურ სალექციო კვირებად და მას მონაცვლეობით ქართველი და შვეიცარიელი ლექტორები უძღვებიან,“ - აცხადებს კურსის ინიციატორი.

ამ სასწავლო კურსისთვის შეიქმნა ტრანსსასაზღვრო სწავლებისათვის დიჯიტალური პლატფორმა - მობილური აპლიკაცია "MountainApp" (აბრევიატურა „MTA” - ქართულად მთა).  აპლიკაცია შეიქმნა შვეიცარიაში კომპანია SPOTTERON-ის მიერ.

„აბრევიატურა „მთა“, რა თქმა უნდა, ატარებს მიზანმიმართულ დატვირთვას და გუნდის იდეაც სწორედ ეს იყო, რომ ყველა შვეიცარიელ სტუდენტს სცოდნოდა თუ რა ჰქვია ქართულად იმ ადგილს, რაზეც ამდენ ინფორმაციას მიიღებდნენ,“ - აცხადებს გვანცა სალუქვაძე.

2022 წლის შემოდგომის სემესტრში პირველად, საპილოტე ფორმატში განხორციელდა „მთის მდგრადი განვითარება“-ს სასწავლო კურსი,  ასევე MTA აპლიკაციის გამოყენებაც, წელს კი ორივე უნივერსიტეტის მასშტაბით სასწავლო კურსი 40 სტუდენტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები