კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებლის და კერძო სკოლების ასოციაციის გამგეობის წევრის ავთანდილ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში სწავლის ღირებულება საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა. გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პედაგოგებისთვის ხელფასების მატება გახდა. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საჯარო სკოლებში გაზრდილი ანაზღაურების გამო მათ ადამიანური რესურსის ნაწილში სახელმწიფოსთან კონკურენციაში შესვლა უჭირთ.
„ჩვენ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 10%-ით და ასეა სხვა სკოლებზეც, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდაა.
კერძო სკოლებს მოგვიწია ხელფასები გაგვეზარდა, სახელმწიფო კერძო სკოლების პირდაპირი კონკურენტია. სახელმწიფოში არსებობს საჯარო სკოლების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება, ხოლო კერძო სკოლების მიმართ ეს ნაკლებად იგრძნობა. ამიტომ ღიად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ღია კონკურენციაში ვიმყოფებით ამ სექტორთან. მოგვიწია სახელფასო პოლიტიკის გადახედვა, ამასთან იმატებს სხვადასხვა სერვისზე ფასები, რაც ავტომატურად იწვევს მომხმარებლისთვის ფასის ზრდას", - ამბობს აბდუშელიშვილი.
სკოლების ადმინისტრაციის მიერ BMG-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში სწავლის გადასახადი ასე გამოიყურება:
„ბაქსვუდის“ სკოლაში სწავლა 11 900 ლარი ღირს და ყოველ 3 წელში 15%-ით იმატებს.
„მწვანე სკოლაში“ სწავლის ღირებულება I-VII კლასამდე 7 900 ლარი. ზედა კლასებში კი 6 900, თუმცა შევსებულ ჯგუფებში ბავშვის დამატების რესურსი ძალიან მცირეა.
„ნიუტონის თავისუფალი სკოლაში“ ორი პროგრამა მოქმედებს - სტანდარტული, ადგილობრივი განათლების სისტემასთან შესაბამისი, სადაც წლიური ღირებულება 9 ათასი ლარია და ასევე არსებობს IB პროგრამა, I-VI კლასში ფასი 4 500 ევროა, VI-VIII კლასში 5 ათასი, VIII-X კლასები 5.5 და დამამთავრებელი კლასებში ფასი 6 ათას ევრომდე იზრდება.
UG School-ში წლიური გადასახადი 13 000 ლარს შეადგენს.