კერძო განათლების სეგმენტში ყველაზე მაღალი გადასახადები, როგორც წესი, სკოლა-პანსიონებში ფიქსირდება. ასეთ დაწესებულებებში მშობლები არა მხოლოდ აკადემიურ სწავლებაში, არამედ საცხოვრებელ პირობებში, სრულყოფილ კვებაში, უსაფრთხოებაში, სპორტულ აქტივობებში, უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებელ კონსულტაციებსა და უზარმაზარი კამპუსების ყოველდღიურ მომსახურებაში იხდიან.
ძვირად ღირებული კერძო სკოლების ბაზარზე უდავო ლიდერი შვეიცარიაა, რომლის წამყვანი პანსიონების ღირებულება გაცილებით აღემატება დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უძვირეს სკოლებს, რაც ძირითადად წლიური სრული საცხოვრებელი პაკეტით არის განპირობებული.
გაგაცნობთ მსოფლიოს რვა ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო სკოლას, 2026–2027 სასწავლო წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით.
დუბაიში, "ჯემსის" კვლევისა და ინოვაციების სკოლა პრემიუმ კლასის ურბანული დღის სკოლაა, სადაც წლიური გადასახადი 161,000 დირჰამს, ანუ დაახლოებით 43,800 დოლარს შეადგენს. სკოლა ბრიტანულ კურიკულუმს მიჰყვება და აქცენტს ტექნოლოგიებსა და კვლევებზე აკეთებს. კამპუსი აღჭურვილია ოლიმპიური აუზით, NBA-ის სტანდარტის საკალათბურთო დარბაზით, რობოტიკისა და აუგმენტური თუ ვირტუალური რეალობის ლაბორატორიებით.
დუბაის შვეიცარიული საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა საამიროში სკოლა-პანსიონებს შორის ყველაზე მაღალ ოფიციალურ საფასურს აწესებს - მე-11 და მე-12 კლასებში წლიური ღირებულება 259,100 დირჰამი, ანუ დაახლოებით 70,551 დოლარია. ეს თანხა წინასაუნივერსიტეტო საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას, საცხოვრებელს, კვებასა და უსაფრთხოების მონიტორინგს ფარავს. სკოლას ადგილობრივი მარეგულირებლისგან უმაღლესი შეფასება აქვს მინიჭებული როგორც განათლების ხარისხის, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობის კუთხით.
ბრიტანული ელიტური განათლების მთავარ სიმბოლოდ მიჩნეულ იტონში, რომელიც სამეფო ოჯახის წევრთა სასწავლებელსაც წარმოადგენს, წლიური გადასახადი 65,673 გირვანქა სტერლინგს, ანუ დაახლოებით 88,000 ამერიკულ დოლარს უტოლდება. საფასური მოიცავს სწავლას, სრულ პანსიონს, საცხოვრებელს, სპორტსა და სასწავლო მასალებს, ხოლო დამატებითი აქტივობები (მუსიკა, ნიჩბოსნობა) სემესტრში £500–£1,500 ჯდება. იტონის ფასი საუკუნოვან ტრადიციებს, მკაცრ აკადემიურ მომზადებასა და ელიტურ სოციალურ კავშირებს ემყარება.
შვეიცარიის ალპურ სოფელ ლეიზენში მდებარე ამერიკული სკოლა შვეიცარიულ პანსიონურ ცხოვრებას ამერიკულ საგანმანათლებლო მოდელთან აერთიანებს, მისი წლიური საფასური კი 128,000 შვეიცარიულ ფრანკს, ანუ თითქმის 160,000 დოლარს შეადგენს. ეს თანხა სწავლების, კვებისა და საცხოვრებლის დაფინანსებას მოიცავს. სკოლაში მოსწავლეებს აშშ-ის საშუალო სკოლის დიპლომსა და ბაკალავრიატის პროგრამას სთავაზობენ, რასაც სავალდებულო სათხილამურო სეზონი და ალპური ექსპედიციები ემატება.
შვეიცარიის კიდევ ერთი ალპური კოლეჯი "ბო სოლეი" ზღვის დონიდან 1350 მეტრზე მდებარეობს. პრესტიჟულ სკოლაში საბაზისო გადასახადი 148,440 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც დაახლოებით 184,000 დოლარია. თუმცა ამას ემატება სავალდებულო დამატებითი ხარჯები დაზღვევის, კულტურული პროგრამებისა და სასკოლო მოგზაურობებისთვის, რაც წლიურ ფასს კიდევ 26,400 ფრანკით ზრდის. სასკოლო პროგრამასთან ერთად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ალპინიზმში, თხილამურებით სრიალსა და საერთაშორისო ექსპედიციებში.
ასევე შვეიცარიაში ლეგენდარული "ლე როზეის” ინსტიტუტის წლიური საფასური 159,600 ფრანკი ან 198,000 დოლარია. სკოლა უნიკალურია იმით, რომ წელიწადში ორ კამპუსს იცვლის: ძირითადი სემესტრი ჟენევის ტბის პირას მიმდინარეობს, ზამთარში კი მთელი სკოლა გშტაადის სათხილამურო კურორტზე გადადის. სკოლა 100%-ით პანსიონურია, სწავლება ფრანგულ-ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს, გადასახადი კი ორივე კამპუსში ცხოვრებას, ზამთრის სპორტსა და ექსპედიციებს ფარავს.
რეიტინგის მოწინავე ადგილზეა "აუფ დემ როზენბერგი": შვეიცარიის სანქტ-გალენში განთავსებული ეს ინსტიტუტი მცირერიცხოვანი და ულტრაინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა, სადაც საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 165,000 შვეიცარიულ ფრანკს ან 200,000 დოლარს აღწევს. სასწავლო პროგრამა თითოეული მოსწავლისთვის პერსონალურად იგება. სკოლა ცნობილია უახლესი სამეცნიერო ბაზითა და ფუტურისტული პროექტებით, რომელთა შორისაც Space Habitat-ის კოსმოსური სიმულაციური პროექტია.
შვეიცარიის ალპებში მდებარე "ეგლონის" კოლეჯი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ოფიციალური გადასახადის მქონე სკოლაა, სადაც უფროსკლასელთა სრული პანსიონი 168,000 შვეიცარიული ფრანკი, ანუ დაახლოებით 208,000 აშშ დოლარი ჯდება. სკოლაში 480-მდე მოსწავლე სწავლობს 65-ზე მეტი ქვეყნიდან, კლასში საშუალოდ 12 ბავშვია, ხოლო მოსწავლეთა 85% პანსიონში ცხოვრობს. ასტრონომიული ფასი ალპურ გარემოში ცხოვრებას, უსაფრთხოებას, ექსპედიციებსა და საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომის მომზადებას ფარავს.
























