მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

HARVARD UNIVERSITY

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. პრესტიჟული დიპლომი მათ არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღების, არამედ საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზასაც უხსნის. თუმცა, ამ უნივერსიტეტებში სწავლა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

გლობალური საუნივერსიტეტო რეიტინგების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა QS 2027 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვედრილ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის წლიური სწავლის საფასური ათიათასობით დოლარსა და ფუნტს აღწევს. გადასახადი უნივერსიტეტისა და სტუდენტის სტატუსის მიხედვით განსხვავდება - ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის საფასური ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

რეიტინგის პირველ ადგილზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტია(MIT), რომელმაც 100 ქულა მიიღო. უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, 2026–2027 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სწავლის საფასური წელიწადში 66 720 დოლარია. ეს სტანდარტული ტარიფია და ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს ერთნაირად ეხება. საცხოვრებლის, კვების, სასწავლო მასალებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, უნივერსიტეტში სწავლის სავარაუდო წლიური ღირებულება დაახლოებით 92 760 დოლარია.

რეიტინგის მეორე ადგილს 99.2 ქულით ლონდონის იმპერიული კოლეჯი და სტენფორდის უნივერსიტეტი იყოფენ. სტენფორდში 2026–2027 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის სწავლის საფასური წელიწადში 67 731 დოლარია. ეს თანხა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთნაირია. საცხოვრებლისა და კვების ჩათვლით, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წლიური ბიუჯეტი 97 545 დოლარს აღწევს.

ლონდონის იმპერიულ კოლეჯში კი გადასახადი სტუდენტის სტატუსისა და არჩეული პროგრამის მიხედვით იცვლება. 2026–2027 სასწავლო წელს ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტანდარტული ბაკალავრიატის საფასური წელიწადში 9 790 ფუნტია. საერთაშორისო სტუდენტების გადასახადი უფრო მაღალია და კონკრეტულ სპეციალობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მედიცინის პროგრამისთვის საერთაშორისო სტუდენტის წლიური საფასური 58 600 ფუნტია.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ოქსფორდის უნივერსიტეტშიც გადასახადი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის განსხვავებულია. 2026 წელს დაწყებული ბაკალავრიატის პროგრამებისთვის ადგილობრივი სტუდენტების წლიური საფასური 9 790 ფუნტია, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებისთვის გადასახადი, არჩეული პროგრამის მიხედვით, 37 380-დან 62 820 ფუნტამდე მერყეობს. აღნიშნული თანხები არ მოიცავს საცხოვრებლის, კვებისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებს.

რეიტინგის ხუთეულს ჰარვარდის უნივერსიტეტი ასრულებს. 2026 - 2027 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სწავლის საფასური წელიწადში 62 226 დოლარია. ეს ტარიფი ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს ერთნაირად ეხება. უნივერსიტეტის მონაცემებით, სავალდებულო გადასახადების, საცხოვრებლისა და კვების ჩათვლით, წლიური ბიუჯეტი 91 634 დოლარს შეადგენს, ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების დამატებამდე.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ტარიფები უნივერსიტეტების მიერ განსაზღვრულ სწავლის საფასურსა და სავარაუდო ხარჯებს ასახავს. ფინანსური დახმარების ან სტიპენდიის მიღების შემთხვევაში სტუდენტის რეალური გადასახდელი თანხა შეიძლება შემცირდეს. მაგალითად, MIT ფინანსურ დახმარებას სტუდენტის დადასტურებული საჭიროების მიხედვით გასცემს, ჰარვარდში კი საერთაშორისო სტუდენტებსაც ისეთივე ფინანსური დახმარების მიღება შეუძლიათ, როგორიც აშშ-ის მოქალაქეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები