მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი შეზღუდვა გააძვირებს როგორც უკვე რეგისტრირებულ, ასევე 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილებს - Caucasus Auto

ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ევროპაში 2025

ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ფასების ზრდას გამოიწვევს როგორც შედარებით ძველ, ასევე 6 წელზე ნაკლები ასაკის მანქანებზე.

როგორც BMG-სთან Caucasus Auto-ს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ის მომხმარებელი, რომელსაც შედარებით ძვირადღირებული ავტომობილის ყიდვის საშუალება არ აქვს, უფრო ბიუჯეტური მანქანის ყიდვას უკვე არსებული ავტოპარკიდან შეეცდება, ეს კი ფასებს ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილებზე გაზრდის.

ალექსანდრე ვეკუას განცხადებით, მეორე მხრივ, უფრო მეტი მომხმარებელი იქნება იძულებული, 6 წელზე ნაკლები წლოვანების მანქანა იყიდოს, რაც შედარებით ახალ ავტომობილებსაც გააძვირებს.

“პრაქტიკულად ამ ცვლილებით ჩვენ ვადეკლარირებთ იაფფასიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. ბიუჯეტური ავტომობილის მყიდველს შეეზღუდა საშუალება, რომ განახორციელოს ავტომობილის იმპორტი. მას მოუწევს ადგილობრივ ბაზარზე ძველი დარეგისტრირებული ავტომობილის შესყიდვა და მათი ფასიც გაიზრდება, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზრდება ცალსახად მათზე. საბოლოო ჯამში ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს როგორც ძველი ავტომობილების ფასების ზრდას, ისე ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად, მათზე ფასების ზრდასაც.

ცალსახად წინ გვაქვს ავტომობილების გაძვირება. გამიჭირდება გითხრათ რამდენი პროცენტით, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების კანონი გვეუბნება ამას, რომ რაზეც მოთხოვნა იზრდება, იქ ფასებიც შესაბამისად მაღლა მიდის.

იგივე მოხდა თუნდაც რომ დავუბრუნდეთ უახლოეს წარსულს - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა, გაძვირდა მათი პირველადი რეგისტრაცია-განბაჟება და მარჯვენასაჭიან მანქანებზე ფასი ავტომატურად გაიზარდა. იმიტომ რომ ისინი მაინც რჩებიან ბიუჯეტურ ავტომობილებად, კონკურენციას მათ მაინც ვერ უწევს შტატებიდან ან თუნდაც ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუტოლდა ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილის ფასს, თუმცა მათზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია ფასების ზრდა.

იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც - კანონის შემოღებამდე იმპორტირებული ძველი ავტომობილები, რასაც უკვე ძველს დავარქმევთ, 6 წელზე უფრო მაღალი ასაკის ავტომობილები, ფასები გაძვირდება და ის მოთხოვნა ახალ ავტომობილებზეც, მათ შორის უკვე შუა და ცოტა გრძელ პერსპექტივაში უკვე აქეთ გადმოინაცვლებს, რაც ამის გაძვირებასაც გამოიწვევს.

მაგალითად, ციფრებში რომ ავხსნათ: თუ არის 10 000 მომხმარებელი, 10 000-ს აქვს შანსი, რომ 10 000 ავტომობილი შემოიყვანოს ქვეყანაში. ახლა ჩვენ ვეუბნებით ნახევარს, რომ თქვენ ავტომობილს ვეღარ შემოიყვანთ. მათ მოუწევთ ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდული რაოდენობიდან არჩევა. ანუ შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე ჩვენ გავზარდეთ უკვე მოთხოვნა. და ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. ახლა ამ 5000 ადამიანიდან 5000-ვე არ იყიდის 6 წელზე უფრო ძველს, რაღაც ნაწილი გადმოინაცვლებს ისევ 6 წელზე უფრო ახალი ავტომობილის სეგმენტში. აქაც გავზარდეთ მოთხოვნა - 5000 თუ იყო აქამდე მომხმარებელი, ახლა გახდა 5000-ზე მეტი. მეტი მომხმარებელი - მეტი მოთხოვნაა, მეტი მოთხოვნა - მეტი ფასებია. ამიტომ ვამბობ, რომ ერთ სეგმენტშიც და მეორე სეგმენტშიც ფასები გაიზრდება. ერთში იმით, რომ მიწოდება აღარ არსებობს უბრალოდ და აქ ყველა ვარიანტში მომთხოვნა იზრდება, და მეორე სეგმენტში მიწოდება არსებობს, თუმცა რაღაც კატეგორია დაემატა და აღარ გადავიდა შედარებით ძველ, 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილისკენ აღარ გადაიხარა, პირიქით, ახალი ავტომობილი უნდა შეისყიდოს.

კვარტალურ შეჯამებას როცა ვაკეთებდით ხოლმე, საქართველოში ავტომობილის ფასს მუდამ ვასახელებდით, რომ მეტად პოპულარული არის 10 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილები. პრაქტიკულად 2020 წელზე უფრო ახალი, ანუ 6 წლის და უფრო ახალი ავტომობილები, 10 000 დოლარამდე სეგმენტი აღარ არის. ეს უფრო არის უკვე 10 000 დოლარიდან ზევით. შესაბამისად ბიუჯეტური მთლად აღარ გამოდის”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები