თბილისში, აეროპორტის გადასახვევთან, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის არეალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) უმოქმედო კაპმუსიც ექცევა. საუბარია ჯამში 101 221 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.
საქმე ისაა, რომ თბილისში ახალი, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ აშენდება. ამის შესახებ ცნობილი 15 აგვისტოს გახდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
BM.GE დაინტერესდა რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის. როგორც IBSU-ს რექტორი კახა შენგელია აცხადებს, საკითხი განიხილება და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, სახელმწიფო მას გამოისყიდის თუ ადგილმონაცვლეობა მოხდება.
"საკითხზე წინასწარი საუბარი შედგა სახელმწიფოსთან, მოლაპარაკებებს ვიწყებთ",- უთხრა კახა შენგელიამ BM.GE-ს.
მისივე თქმით, ტერიტორიის ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა შეაფასოს.




























