სააგენტო "აწარმოე საქართველოში" USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების პროგრამას იწყებს. კომპანიებს, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვებას დაგეგმავენ, პროგრამის ფარგლებში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. როგორც სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, გრანტები ორი მიმართულებით იქნება:
„პროგრამა 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებას, მეორე შემთხვევაში კი განთავსების საკომისიოს ანაზღაურებას ითვალისწინებს. ამ ორი მიმართულებით გვექნება გრანტები, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ბროკერებთან თანამშრომლობით, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან ქვეყანა ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალური ბაზრის მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს ცნობით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.
ახალი პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს, სააგენტო მისცემს შესაძლებლობას პროგრამის ორ - თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ. ხოლო, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა მონაწილეობას მიიღებს 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერაშიც.
რაც შეეხება სექტორებს, თუ რა მიმართულებით მომუშავე კომპანიებს ექნებათ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა, ხიდურელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მცირე გამონაკლისებია, ესენია მაგალითად, აზარტული თამაშები და რელიგიური საქმიანობები.
„[შეზღუდულია] მიმართულებები, რომლებიც მსგავს პროგრამებში ისედაც იშვიათად არის. სხვა შემთხვევაში პროგრამა გახსნილია. ვიცი, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კომპანიებს მხოლოდ ფინანსურად დავეხმაროთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, კომპანიები მოვამზადოთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის. აქაც ჩვენ ვთანამშრომლობთ USAID-თან. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს. თითო კომპანიაზე ლიმიტი არის 1 მლნ ლარი“, - განაცხადა ხიდურელმა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა.
„წელს ჩვენ ვგეგმავთ მცირე და საშუალო ზომის ფონდის ჩამოყალიბებას, ე.წ. ექუითი ფონდს. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჩვენი სააგენტო იქნება ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ ლიმიტირებული პარტნიორი. ჩვენ არ ვიქნებით ამ ფონდის მმართველები და არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ბიზნესის დაფინანსებაზე, ჩვენ ვიქნებით ლიმიტირებული პარტნიორი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, კომპანიებს საშუალება ექნებათ ბანკის პროდუქტებთან ერთად, ფონდის მექანიზმიც გამოიყენოს“, - აღნიშნა მან.