ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტი და მეღვინეობა „ღვინის ეზო N1“ ახალ წელს საერთაშორისო ვიზიტორებს ავთენტურ ქართულ გამოცდილებას სთავაზობს. სპეციალურად სადღესასწაულო პერიოდისთვის ობიექტმა ახალი კონცეფცია - „ახალი წელი ქართულ ოჯახთან ერთად“ შეიმუშავა, რომელმაც უცხოელი სტუმრების ინტერესი უკვე გამოიწვია.
როგორც „ღვინის ეზო N1“-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, ტურისტულ ბიზნესში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ბაზრისთვის მუდმივად ახალი შეთავაზებების მიწოდება.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გასულ წელს სატესტო რეჟიმში დაიწყო.
„პროგრამა მოიცავს ვიზიტს კახეთში, ქართულ ოჯახში, საახალწლო ტრადიციებთან ზიარებას, საშობაო რიტუალების გაცნობას, ტრადიციული კახური კერძების დედასთან ერთად მომზადებას, ღვინის ექსკურსიასა და დეგუსტაციას ოთხი თაობის საოჯახო მარანში, ქვევრის გახსნის რიტუალს, მეკვლის უძველესი ტრადიციის გაცოცხლებას მრავალჟამიერის ფონზე, რა თქმა უნდა, ლხინსა და კახურ სუფრას“, - აცხადებს თიკა დუღაშვილი.

მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანია, უცხოელ სტუმრებს აჩვენონ, როგორია ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ყოველდღიურობა, ყოფა და ტრადიციული საქმიანობა.
„ჩვენი მიდგომაა, არ დავკარგოთ კავშირი ისტორიასა და ტრადიციებთან და ეს ყველაფერი რეალურად ვაჩვენოთ ჩვენს სტუმრებს“, - აღნიშნავს დუღაშვილი.
დამფუძნებლის ინფორმაციით, საახალწლო სერვისის ღირებულება 100 ლარიდან იწყება და მომხმარებლის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. კონცეფცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ ქვეყნის კულტურის უშუალოდ შეგრძნება და ავთენტური გამოცდილების მიღება.
„ჩვენს საახალწლო პაკეტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, აქტუალურობას ძველ ახალ წლამდე არ დაკარგავს. მაგალითად, 31 დეკემბერს ქართულ-პოლონურ ოჯახსა და მეგობრებს ვმასპინძლობთ - ქართველ ბიჭს სურს მის მომავალ პოლონელ მეუღლეს ტრადიციული ქართული ახალი წელი აჩვენოს. შესაბამისად, დიდი მხიარულება გველის, რადგან მოწვეულია დიჯეი, ანსამბლი და ყველაფერი უკვე დაგეგმილია“, - ამბობს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
რაც შეეხება წლევანდელ შედეგებს, თიკა დუღაშვილი აღნიშნავს, რომ წელი მარტივი არ ყოფილა და ობიექტს ბაზრისთვის ფეხის აწყობა მოუწია. ამასთან, „ღვინის ეზო N1“-ში ფასების კორექტირებაც გახდა საჭირო.
„წლევანდელი წელი მარტივი არ იყო. არცერთი წელი არ ჰგავს ერთმანეთს - ბაზარი მუდმივად იცვლება და ჩვენც მოთხოვნებს ფეხი უნდა ავუწყოთ. სწორედ ამიტომ მუდმივად გვიწევს სიახლეების შეთავაზება. ფასებთან მიმართებით, ცხელ სეზონზე 10%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა, თუმცა ზოგიერთ პარტნიორთან ეს ვერ შევძელით, რადგან სერვისები უკვე გაყიდული ჰქონდათ. სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს დაედო ფასი, ღვინის გარდა. ღვინის რეალიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება“, - აცხადებს დუღაშვილი.

ტურისტული ობიექტი „ღვინის ეზო N1 - შენი ოჯახი საქართველოში“ 2018 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ოჯახური ტიპის ტურისტულ სივრცესა და მეღვინეობას, რომლის კონცეფცია აერთიანებს ღვინის, აგრო, გასტრო და ეთნო ტურიზმის მიმართულებებს.




























