ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის გაზმომარაგებისთვის 15-კილომეტრიანი მილსადენის გაყვანა გახდა საჭირო - ამის შესახებ მარაბდა კარწახის რკინიგზის კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილიდან ხდება ცნობილი.
წერილით მარაბდა კარწახის რკინიგზას მოითხოვს ნებართვას 1.3 მილიონი ლარის შესყიდვის განხორციელებაზე, რომლითაც ახალქალაქის სადგურის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის 15-კილომეტრიანი მილსადენი უნდა აშენდეს. წერილში მარაბდა-კარწახის რკინიგზა მიუთითებს, რომ ბუნებრივი აირის მათ მიმწოდებელ "ეს ჯი გაზ-კომპანიას" არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა თავად ააშენოს 15-კილომეტრიანი გაზსადენი, ამიტომაც ამ პროექტს თავად მარაბდა კარწახის რკინიგზა დააფინანსებს.
"აღნიშნული სამუშაოების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ადგილზე არსებული გაზგამანაწილებელი ქსელიდან ვერ განხორციელდება სადგურის გაზმომარაგება, რადგან ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, პროექტის მიხედვით საჭიროა საათში 1270 მ3 ბუნებრივი აირის მოწოდება, ხოლო გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიანტი კომპანიის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ განცხადებით, მათი არსებული ქსელის სიმძლავრის გათვალისწინებით, შესაძლებელია მხოლოდ 50-60 მ3 ბუნებრივი აირის მოწოდება საათში, რაც ვერ უზრუნველყოფს სარკინიგზო სადგურის მინიმალურ საჭიროებებსაც კი. ამასთან, კომპანია განმარტავს, რომ მოთხოვნილი სიმძლავრის უზრუნველსაყოფად უნდა აშენდეს ახალი 15 კილომეტრიანი გაზსადენი, რომლის დაფინანსების საშუალება :ეს ჯი გაზ-კომპანიას" არ გააჩნიათ", - ნათქვამია კომპანიის წერილში.
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ტექნიკური დიზაინი წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას მოიცავს. პროექტის საქართველოს მონაკვეთი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სესხით, აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს, რომლის ჯამური სასესხო დაფინანსება 775 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, დაახლოებით ორი წლის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.
აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.
თუმცა, 2017 წლის შემდგომ რკინიგზა მხოლოდ სატესტო რეჟიმში ოპერირებს.




























