კიბერუსაფრთხოების ამერიკულმა კომპანია Palo Alto Networks-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Applied Compute-ის $4.5 მილიარდად შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.
გარიგება 2027 წლის მესამე კვარტალში დაიხურება და კომპანიის კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაფართოებას ემსახურება. Applied Compute-ის ინტეგრაციით Palo Alto Networks-ი მიზნად მომხმარებლებისთვის ისეთი ტექნოლოგიური პლატფორმის შეთავაზებას ისახავს, რომელიც მათ ღია კოდის მოდელების უსაფრთხო წვრთნასა და დანერგვაში დაეხმარებათ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება კიბერუსაფრთხოების არნახულ რისკებს ქმნის, რის გამოც Palo Alto Networks-ი როგორც გაზრდილი კომერციული შესაძლებლობების, ასევე გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა მათთან გამკლავებას კომპანია გაფართოების გზით გეგმავს.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებს, Palo Alto-ს შემოსავალი წლიურ ჭრილში 39%-ით გაიზარდა და წინა კვარტალში $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდევ $3.31 მილიარდს აღემატება. ამასთან, Palo Alto Networks-მა ფისკალური 2027 წლის შემოსავლების პროგნოზი $14.6 მილიარდამდე გაზარდა, რაც უოლ-სტრიტის მოლოდინს აღემატება.
























