მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეში მერიამ ჩაიბარა ₾1,8 მლნ-ის ღირებულების ობიექტები, რომლებიც მალევე დაზიანდა - აუდიტი

ახალციხე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. გამოქვეყნებული ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ მუნიციპალურმა მერიამ 1,856.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 132 ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. რაშიც ჯამურად 24,617.4 ათასი ლარი განახორციელა. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს, მერიის ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებდა. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე ჩაიბარა, რომლებიც შედგენილი იყო დადებითი საექსპერტო დასკვნების მიხედვით.

„მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე.

კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. რის შედეგადაც, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა, მაგალითად: 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოფელ წნისსა და ნაოხრებში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 104.0 ათასი ლარს შეადგენდა, თუმცა სკვერის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1,752.4 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სკვერები, სპორტული მოედნები და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ძირითადად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომელთა გამოვლენის ვალდებულება მერიის ინსპექტირების ჯგუფსა და შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას ეკისრება. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოქმედი საგარანტიო ვადა გააჩნდა. მერიის შესაბამის სამსახურს არ ჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც საშუალებას მისცემდა დროულად გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მოეთხოვა მათი გამოსწორება. შესაბამისად, მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული დაზიანებების მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით დროული აღმოფხვრა,“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 1,856.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი სუბიექტები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ამასთანავე, მერიამ უნდა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები