"ამ კანონის მიღების იდეა, მოტივი და გაცხადებული მიზანი არის ის, რომ საჯარო მოსამსახურეების განსხვავებული აზრები ჩაახშოს", - ასე აფასებს თბილისის მერიის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს, რომელსაც "ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით იღებს. საჯარო მოხელის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, საჯარო სამსახურებში დასაქმებულების გათავისუფლება გამარტივდება.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს მარტივად გაათავისუფლებენ. ამ კანონის მიღების იდეა, მოტივი და გაცხადებული მიზანი არის ის, რომ საჯარო მოსამსახურეების განსხვავებული აზრები ჩაახშოს. პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ადამიანი არ ეთანხმება მმართველი პარტიის კურსს, უკვე დამსაქმებელს, საჯარო სამსახურს შესაძლებლობა ექნება, ის გაათავისუფლოს.
მოქმედ რედაქციაშიც არ არის რაიმე რთული პროცესი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის, უბრალოდ იქ საჯარო მოხელეების დაცულობის მექანიზმი უფრო მეტადაა. სამსახურებს ვალდებულება აქვთ, თუ ადამიანი რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდება, შეეცვლება პოზიცია ან ვერ დასაქმდება იმ მომენტში, ის გადაიყვანონ ისეთ ბაზებში, საიდანაც სამსახურის გამჩენის შემთხვევაში, დასაქმდება. ამ ვალდებულებას იხსნის დამსაქმებელი", - აცხადებს გიგა სოფრომაძე.
გიგა სოფრომაძე კახა კალაძის მრჩეველია და შშმ ადამიანების საკითხებზე მუშაობს. მან ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები “ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს, ემიჯნებიან.