მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გათავისუფლება კომპენსაციის გარეშე - რას ცვლის „ოცნება“ „საჯარო სამსახურის შესახებ"კანონში

რეფორმა

2025 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები რეორგანიზაციის შემთხვევაში მობილობით ვეღარ ისარგებლებენ და ამასთან გათავისუფლების შემთხვევაში 3 თვის კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ამას ითვალისწინებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონის პროექტი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი ავტორები არიან ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

„წარმოდგენილი ცვლილებით, მოხელეები ვეღარ შეძლებენ მობილობით სარგებლობას რეორგანიზაციის შემთხვევაში, შესაბამისად, აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება შესაბამის პირებზე. „რეორგანიზაციის შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, აღნიშნულს გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე რეორგანიზაციის შედეგად მათზე 3 თვის ოდენობის კომპენსაციის, ასევე შემდგომში შესაბამის პოზიციაზე არ აღდგენის თვალსაზრისით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული ცვლილებებით გავლენა იქნება მხოლოდ გათავისუფლებულ პირებზე და რეორგანიზაციის შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლებისას, შესაბამის პირზე კომპენსაციის გაცემა გავლენას იქონიებს შესაბამისი დამსაქმებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გათავისუფლების შემთხვევების რაოდენობაზე.

ავტორების განმარტებით პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად შემდეგია: „2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის გაძლიერების, პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების მიზნით. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება საჯარო სამსახურის ფარგლები, მათ შორის, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ჩარჩო. საჯარო სამსახურში დაინერგება ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული სისტემიდან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული განვითარების სისტემაზე გადასვლას“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი ცვლილებებით იხვეწება საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, ცვლილებები ხორციელდება კანონის 34-ე, 52-ე, 53ე, 103-ე, 104-ე, 108-ე, 110-ე მუხლებში.

ცვლილებების ინიციატორები კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.

რაც შეეხება კანონის პირველ მუხლს, მისი ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ ყველა შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების განხორციელება და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები