„ბატონო კახა, ძალიან ბევრ საქმეს მომწყვიტეთ... გთხოვთ, აღადგინოთ ჩემი შტატი,“ - ამ სიტყვებით მიმართა BMGTV-ის გადაცემა „წერტილიდან“ კახა კალაძეს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ანა კომლაძემ.
საქმე ის არის, რომ თბილისის საკრებულოს 28 თებერვლის დადგენილების თანახმად, რომელიც ძალაში 17 მარტიდან შედის, კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების 4-შტატიანი განყოფილება ორ შტატამდე მცირდება და განყოფილებას მხოლოდ ხელმძღვანელი და უმცროსი სპეციალისტი ეყოლება.
ანა კომლაძე და თამთა კაჭახიძე აღნიშნული განყოფილების უფროსი სპეციალისტები იყვნენ და რადგან „უფროსი სპეციალისტის“ შტატი უქმდება, ანა კომლაძე ლოგიკურად ასკვნის, რომ 17 მარტიდან ის მერიაში ვერ იმუშავებს.
მოქმედი საჯარო მოხელე ეჭვობს, რომ რეორგანიზაციის სახელით იმ განყოფილების საშტატო ნუსხის შემცირება, სადაც ის მუშაობს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მასაც პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რადგან ანა კომლაძე ერთ-ერთი პირველი იყო თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომელთაც 30 ნოემბერს გაავრცელეს განცხადება და ხმამაღლა თქვეს, რომ ემიჯნებიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.
„წერტილთან“ ინტერვიუში ანა კომლაძემ იმის დასტურად, რომ მისი ეჭვები უსაფუძვლო არაა, დეტალურად მოჰყვა კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების სტრუქტურა.
„ეჭვი კი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა 4-შტატიანი განყოფილების 2 შტატამდე შემცირება. რატომ?! განყოფილებას, რომელიც დღეს 4-შტატიანი თანამშრომლისგან შედგება, ასევე ჰყავს ორი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანი ანუ განყოფილებაში ისედაც ბევრი საქმეა. გარდა ამისა, კულტურის ობიექტების მართვის განყოფილებიდან მუდმივად გვეხმარება ერთი თანამშრომელი გვეხმარება. აქედანაც ხომ მარტივად ჩანს, რომ ჩვენს განყოფილებას საქმე აქვს და ამიტომ სჭირდება სხვა განყოფილების თანამშრომლის დახმარება და კიდევ ორი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი?! ასევე, თუ მხოლოდ რეორგანიზაციაა მიზეზი, რომლის დროსაც კადრების შემცირება ხდება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით დასაქმებულებს ეხება ის და არა შტატში მყოფ საჯარო მოხელეებს. ჩვენს შემთხვევაში კი, ასე არ მოხდა და საშტატო ნუსხიდან ორი მთავარი სპეციალისტის შტატი ამოიღეს“, - განაცხადა ანა კომლაძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ანა კომლაძემ მერიაში 10-წლიანი მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დროს გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თანამშრომლები ყოველთვის ინფორმირებულები იყვნენ, მაგრამ დღეს ასე არაა.
ის ამტკიცებს, რომ სცადა, მისი შტატის გაუქმების მიზეზებზე პასუხების თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისგან მიეღო, მაგრამ უშედეგოდ.
„სამსახურის უფროსს 5 მარტს ვესაუბრე, როცა საკრებულოს დადგენილების ტექსტი მაცნეზე გამოქვეყნდა, მაგრამ ხელმძღვანელს ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სამსახურიდან მიშვებენ და არც ის უთქვამს, რომ არ მიშვებენ. უბრალოდ მისმენდა, ისმენდა კითხვებს, თუმცა პასუხები ვერ მოვისმინე.
10 წელია მერიაში ვმუშაობ, არაერთი რეორგანიზაცია გაგვივლია, განყოფილებების შერწყმა მინახავს, ასევე, სხვა სამსახურებში გადასვლა და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია სულ გვქონდა, იყო შინაარსობრივი დასაბუთებები, თუმცა ახლა სრულიად გასაიდუმლოებულია ყველაფერი“, - განაცხადა ანა კომლაძემ და BMGTV-ის კახა კალაძეს მოუწოდა, აღადგინოს მისი შტატი და მუშაობის გაგრძელების უფლება მისცენ.
„20-მდე მიმდინარე პროექტია, რომელიც კურირების გარეშე დარჩება, არადა ამ პროექტებისთვის თბილისის მერიიდან უკვე გამოყოფილია თანხები და საჭიროა, მათი მართვა, რაც ჩემი საქმე იყო და ფაქტობრივად, მერმა საქმიანობას მომწყვიტა.
ბატონო კახა, კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ რომ გამოაცხადეთ, და სიამაყით აღნიშნეთ, რომ ბოლო წლებში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, ნუთუ ერთ მადლობას არ ვიმსახურებდით ის ადამიანები, ვინც კულტურის და პროექტების მართვის განყოფილებაში ვმუშაობდით და ამ პროექტებს ვმართავდით?! ან ახლა რომ დაიწყო კონკურსისთვის განაცხადების მიღება, ორი ადამიანი ეყოფა საქმეს?! ბატონო კახა , მინდა გთხოვოთ, აღადგინოთ ეს შტატი, რადგან ძალიან ბევრ საქმეს მომწყვიტეთ“, - მიმართა მერს ანა კომლაძემ.
BMG-მ კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილებაში მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე კითხვებით თბილისის მერიის პრესსამსახურსაც მიმართა და პასუხების მიღების შემთხვევაში, ინფორმაციას განვაახლებთ.