მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუქმდა ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა საჯარო სამსახურის მაღალი რანგის მოხელეებისთვის?

ოცნების დეპუტატები

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მის მოადგილეებს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება არ ექნებათ. საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების შედეგად, პირველი და მეორე რანგის მოხელეები ანუ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან საჯარო სექტორში. კანონის თანახმად კი, პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება და ასევე, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, არ აქვს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება.

იურისტების კითხვები და მოსაზრებები

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილმა აღნიშნულმა ცვლილებამ იურისტების შეშფოთება უკვე გამოიწვია. რატომ გაუქმდა ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა საჯარო სამსახურის მაღალი რანგის მოხელეებისთვის - ამ კითხვაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ნაწილის აზრით, შესაძლოა „ოცნებას“, რომელმაც კანონში ცვლილებები დაჩქარებულად განიხილა და მიიღო, ეს ფაქტორი გამორჩა.

„ამ თემაზე ბევრი დაიწერა დღეს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გარკვეული სატყუარაა, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ გადმოგვიგდო“, - დაწერა სოციალურ ქსელში სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ. ის განმარტავს, რომ კანონიდან არ ამოუღიათ მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქმისწარმოება საჯარო სექტორში ქართულად უნდა ხდებოდეს.

„შეიცვალა ის, რომ პირველი და მეორე რანგის მოხელეები (მარტივად - დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაინიშნებიან და აღარ იქნებიან კარიერული საჯარო მოხელეები.

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აქამდე ინიშნებოდნენ მრჩევლები, თანაშემწეები და ა.შ. და ბუნებრივია, რომ ასეთ პოზიციაზე ქართული ენის ცოდნა არ იყო სავალდებულო. მაგალითად, ბევრი უცხოელი ექსპერტი მუშაობდა მინისტრის მრჩევლად და მათ ვერ მოსთხოვ ქართულის ცოდნას.

პირველი და მეორე რანგის მოხელეების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამ ავტომატურად გამოიწვია მათთვის ქართული ენის მოთხოვნის გაუქმება (არ გამოვრიცხავ, რომ ქოცებს შემთხვევითაც მოუვიდათ და საერთოდ არ უფიქრიათ ენის თემაზე).

თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა სწორედ ის, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მაღალ თანამდებობაზე ნებისმიერი პირის დანიშვნა შეუძლიათ, თანაც უკონკურსოდ! ამით ე.წ. ხელისუფლება მთლიანად ეპატრონება საჯარო სექტორს და რასაც აქამდე უკანონოდ აკეთებდნენ, ახლა კანონიერად გააფორმებენ.

არ გამოვრიცხავ, რომ ქართულის მოთხოვნა დაუმატონ, ეს მოგვიგდონ, როგორც გამარჯვება და დანარჩენი ცვლილებები დატოვონ, რაც კატასტროფა იქნება საჯარო სექტორისათვის და ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს“, - განმარტავს დოლიძე Facebook-პოსტში.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ენის ცოდნისაგან საშუალო დონის ხელმძღვანელთა გათავისუფლება არ არის საჯარო სამსახურის კანონის ერთადერთი პრობლემა“.

იურისტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დანიშვნა, რომელთაც ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და ჩართული არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა დანიშვნა, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურში უკავიათ თანამდებობა. შესაძლებელია, უსაფრთხოების დაწესებულებებშიც თანამდებობაზე დაინიშნონ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც საქართველოს მტერია.

#წარმოიდგინეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატლანტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად რუსეთის მოქალაქე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიის საქმეთა სამმართველოს ინსპექტორი.

ეს მაგალითია, ჰიპოთეზური, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს“, - წერს ლევან ალაფიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით თავისი შეფასება Facebook-ის პირად გვერდზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმაც გამოაქვეყნა. ის ხაზს უსვამს, რომ დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება ნეპოტიზმის ახალი მწვერვალების დაპყრობაა. ადმინისტრაციული წესით დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულების საკითზე ყოფილი საჯარო მოხელე არ გამორიცხავს არცერთ ვერსიას და თვლის, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა, ეს ცვლილება ვერ გაითვალისწინა, ან შესაძლოა შეგნებულადაც გააკეთა.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებით მთავარი ის არის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ანუ დეპარტამენტის) უფროსი და მის მოადგილე აღარ ითვლება მოხელედ და მარტივდება სამსახურში მათი მიღების წესი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება და არა - კონკურსის წესით. ეს ნიშნავს, რომ დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე ხდება პოლიტიკური პირი და არ ევალება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა (ამ ფონზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება დეპარტამენტების შიგნით). დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეზე აღარ გავრცელდება მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები (უმაღლესი განათლება, სტაჟი).

ეს ყველაფერი ნიშნავს ნეპოტიზმის ახალი მწვერვალების დაპყრობას, საჯარო სამსახურის პოლიტიზებას, დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე ზეწოლის გაძლიერების და მათი მეშვეობით სისტემაში სიტუაციის დაჭერის მცდელობას.

სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა მოხელის სამსახურში მისაღებად (ეს ახლაც ასეა). ვინაიდან ცვლილებით, დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე აღარ არიან მოხელეები, სახელმწიფო ენის ცოდნა მათ აღარ მოეთხოვებათ.

ვუშვებ, რომ ეს ნაწილი შეგნებულად გააკეთეს, თუმცა კანონის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, ასევე ვუშვებ, რომ ეს ნაწილი გაეპარათ. რადგან ავტორიტარულ, რუსული ტიპის, თან არალეგიტიმურ რეჟიმზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული. გამოჩნდება“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

რა განმარტება გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"?

თავად „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გავრცელებულ ინფორმაციას „ტყუილი“ უწოდა, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულებზეც შეიძლება ჩაიწეროს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება, ხოლო უცხოელ მუშახელზე გამონაკლისი დაიშვას, რითაც ფაქტობრივად სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები დაადასტურა.

„საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო ბოლო, თუ აუცილებელი იქნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები