საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები მარტივდება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
ერთპარტიულ პარლამენტში საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებული პირების გათავისუფლების საკითხების დღის წესრიგში შემოტანას, წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოების, მათ შორის საჯარო მოხელეების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებულები მმართველი ძალის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და გააკრიტიკეს. მათმა პროტესტმა "ქართული ოცნებში" უკმაყოფილება გამოიწვია. პარტიის ლიდერებმა და ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს.
საჯარო მოხელეების პროტესტს პირველი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს "თვითლუსტრაცია" იყო. „ყველას თავისი გზა აქვს. რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება“, - თქვა პირველ დეკემბერს კახა კალაძემ.
3 დეკემბერს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეების პროტესტს შემდეგი განცხადება დაუპირისპირა: „თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და გვექნება რეაგირება. რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“. მართალია კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მაშინვე განაცხადა, რომ ეს მუქარა არ იყო და საუბარი არა საჯარო სექტორის "წმენდაზე", არამედ "თვითწმენდაზე" იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მის სიტყვებს აღსრულება მალევე მოჰყვა და „ოცნების“ დეპუტატებმა - ალექსანდრე ტაბატაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა, რატი იონათამიშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 4 დეკემბერს შეიტანეს. 9 დეკემბერს კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად დააანონსა საჯარო სამსახურის კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც რეორგანიზაციას გაამარტივებდა. ამ განცხადებიდან ზუსტად 5 დღეში - 13 დეკემბერს „ოცნების“ პარლამენტმა კანონში ცვლილებები 79 ხმით მიიღო.
საჯარო სამსახურის კანონში შესული ცვლილებები:
-
მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები
მოხელე ზემდგომი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე, რომელიც საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან შერჩევას. დახურულ კონკურსში მონაწილეობის მიღება კი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს იმ შემთხვევაში აქვს თუ ის 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. ეს ყოველივე კი იმ შემთხვევაში ხდება „თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“
ამასთან, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს ნიშნავს.
-
მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები
საჯარო მოხელის შეფასების ვადები მცირდება. თუ დღემდე საჯარო დაწესებულებაში ყველა იერარქიული რანგის თანამდებობის პირი წელიწადში ერთხელ ფასდებოდა, ცვლილებების მიხედვით, შეფასება ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება.
ამასთან, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებს მოხელის შეფასება შეუძლიათ ბოლო შეფასებიდან 1 თვის ვადაში შეცვალონ. იმ შემთხვევაში კი თუ მოხელის შეფასება არადამაკმაყოფილებელი იქნება, მას თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის (6 თვეში ერთხელ) დაწყებამდე დაუკავდება. ეს ჩანაწერი აქამდე კანონში საერთოდ არ არსებობდა.
-
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა წრე ფართოვდება
კანონის მესამე მუხლში, სადაც ტერმინთა განმარტებებია მოცემული, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის აღწერაში კიდევ ერთი პოზიცია დაემატა. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ითვლება ასევე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. მათ უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არსებული შესაბამისი შრომის ანაზღაურება.
აქამდე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მხოლოდ ის პირები იყვნენ, ვინც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით უწყობდნენ ხელს და ვისაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები; ამავე დროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.
ამ ცვლილების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დასაქმებულების ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების უფლებამოსილების ვადას. ხოლო თუ პირები ადმინისტრაციული წესით მერიაში ან საჯარო დაწესებულების პირველად სტრუქტურულ ერთეულში მუშაობენ, მათ ხელშეკრულება მაშინ შეუწყდებათ, როცა მუნიციპალიტეტის მერს ან საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ.
-
საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები
შემდეგი ცვლილებები საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის თავში შევიდა. ასევე შეიცვალა მოხელეთა უფლებების კონკრეტული პუნქტები, რომლის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. ამასთან, აქ დაემატა ისიც, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, არ აჩერებს მის მოქმედებას.
აღსანიშნია, რომ თუ მოხელე საჯარო დაწესებულებიდან რეორგანიზაციის შედეგად გაუშვეს, ეს გადაწყვეტილება არ გაუქმდება და ამ გაუქმების შემთხვევაზე არ გავრცელდება ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მისი აღდგენის წესი.
იმ შემთხვევაში თუ რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ეს საჩივარი სრულად ან ნაწილობრივად დაკმაყოფილდა, მას თანამდებობაზე არ აღადგენენ და მხოლოდ განაცდურის თანამდებობრივ სარგოს და 3 თვის კომპენსაციას მისცემენ.
როგორ აფასებს IDFI საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის გამარტივებას და სხვა ცვლილებებს?
საჯარო სამსახური შესახებ კანონში შესული ცვლილებების მთავარი მიზანია, საჯარო მოხელეთა დაშინება - არ შეეწინააღმდეგონ საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევას და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას - IDFI-ის შეფასებას გაეცნით სრულად აქ