პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეების პროტესტზე ამბობს, რომ აკვირდებიან მათ ქმედებებს და რეაგირება ექნებათ.
"საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა „ნაცმაიდანი“, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ქცევის ეს ცვლილება, თავისთავად, მეტყველებს ყველაფერზე. მინდა შეგახსენოთ, რომ თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და გვექნება რეაგირება. რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან ნაცმაიდნის მცდელობის გამო, იმ ვითარების გამო, რაც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში დედაქალაქში", - აცხადებს კობახიძე.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მუქარა არ არის და საჯარო სექტორში "არავითარი წმენდა" არ იქნება და ის საუბრობდა თვითწმენდაზე.
"არიან ადამიანები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სახელმწიფო სისტემას ეს არის თვითწმენდა. არავითარი წმენდა არ იქნება. სისტემური წმენდა არის ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა", - ამბობს კობახიძე.