29 აპრილს, “უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის II მოსმენით განხილვის პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნა, რომელსაც, მათივე განცხადებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საჯარო მოხელეებიც დაესწრებიან, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების კონტრაქცია სამუშაო დღეს, ორშაბათსაა ჩანიშნული. მედიასაშუალებებით კი უკვე არაერთი ფაქტი გაშუქდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” აქციაზე საჯარო სექტორის მობილიზებას.
საკითხზე, რისი უფლება აქვს საჯარო მოხელეს და რა ბერკეტები არსებობს რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე დასწრებაზე უარის თქმისთვის, BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, თაზო კირტავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების ნეიტრალიტეტი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონითაა დაცული.
“ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ცდილობს, ზღვარი წაშალოს საჯარო მოხელესა და პარტიულ მუშაკს შორის. სინამდვილეში, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, პირიქით, განამტკიცებს საჯარო მოსამსახურეების ნეიტრალიტეტის პრინციპს. ეს ეხებათ საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ, საკუთარი პოზიცია პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ - ეს მოიცავს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ჩართვას პოლიტიკურ აგიტაციებში, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებებში და მანიფესტაციებში - აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დავალება საჯარო მოხელისთვის, რომ გაავრცელოს კონკრეტული ტიპის პოლიტიკური მესიჯები, ან წავიდეს აქციაზე ორშაბათს, არის უკანონო და საჯარო მოხელეებს აქვთ სრული უფლება, რომ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილონ”, - განმარტავს თაზო კირტავა.
საია-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ უკანონო მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს უფლება აქვს, არ დაემორჩილოს მას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი მის მიმართ რამე სადამსჯელო ზომას მიმართავს, ამ ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრებაა შესაძლებელი.
“სრული უფლება გაქვთ, ამ უკანონო მოთხოვნას არ დაემორჩილოთ და არ წახვიდეთ აქციაზე. თუკი თქვენს მიმართ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ საფუძვლით, რომ თქვენ უკანონო მოწოდებას თუ მოთხოვნას არ დაემორჩილეთ, საჯარო უწყების ეს აქტი შესაძლოა გასაჩივრდეს, მათ შორის სასამართლოში, და თუკი ადგილი აქვს მუქარისა და იძულების მძიმე ფორმებს - მაგალითად პირის იძულებას, რომ მან საკუთარი ხელით დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან - ეს უკვე სისხლის სამართლის სფეროში ექცევა და შესაძლოა, საქმე გვქონდეს დანაშაულთან, რომლისთვისაც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმებიც.
თქვენი უარი გამოხატული იქნება წერილობითი ფორმით, თუ თქვენი ქმედებით, რომ დააიგნორიროთ ეს განცხადება და არ გამოცხადდეთ აქციაზე - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამ მოთხოვნას არავითარი იურიდიული ძალა თქვენს წინააღმდეგ არ აქვს”, - განმარტავს კირტავა.
იგი აღნიშნავს, რომ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე დასწრების მოთხოვნა ისეთივე უკანონოა, როგორც აკრძალვა ამავე კანონის საწინააღმდეგო/საპროტესტო აქციებზე დასწრებისა.
“არ შეიძლება დამსაქმებელმა, საჯარო მოხელის მიმართ რამე ისეთი ზომა მიიღოს, რომელიც მის მდგომარეობას აუარესებს ან არათანაბარ პირობებში ამყოფებს სხვა პირებთან (მათ შორის გათავისუფლებაც, თუმცა არა მხოლოდ ეს) მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობითი შეხედულებები გააჩნია. შესაბამისად, აკრძალვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ ისინი არ შეუერთდნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს, ასევე არის კანონმდებლობის დარღვევა”, - განმარტავს საია-ს ანალიტიკოსი.
თაზო კირტავას განმარტებით, თუ საჯარო მოხელეს უნდა, რომ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებისთვის იურიდიული დახმარება მიიღოს და არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს, მას შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართოს, რომლებსაც სამართლებრივ ბრძოლაში “ფართო და წარმატებული გამოცდილება” აქვს. კირტავა აღნიშნავს, რომ აღნიშნული სერვისი მსურველებისთვის უფასოა.