თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან ბერძენაშვილმა, თელავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა და რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ემიჯნება “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გატანას, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, “დავკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება”
“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება”, - განაცხადა “ოცნების” დეპუტატმა.
ბერძენაშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში იგი დატოვებს ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას.
"ვდებ ფიცს, რომ თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ თანამდებობას. ამას გპირდებით”, - განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა.
ბერძენიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლის დეკემბრიდან იკავებს.
გუშინ, 25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.