მიმდინარე კვირას, 200-მდე საზოგადოებრივმა თუ მედია ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ხელმომწერი ორგანიზაციებიც უარს ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე, ვიდრე ისინი რუსულ კანონს არ ჩააგდებენ. ხელმომწერთა შორისაა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”, რომლის ანალიტიკოსიც, თაზო კირტავა, “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნავს, რომ ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს არ ჩააგდებს, მათთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა შეუძლებელია.
“ჩვენ 25 აპრილს განვაცხადეთ, რომ სანამ [რუსულ] კანონს არ ჩააგდებენ, მანამდე ვაჩერებთ ყველანაირ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ, წარმოუდგენელია ასეთ რეჟიმში რაიმე ტიპის თანამშრომლობის რესურსის და პლატფორმის არსებობა, როდესაც პირდაპირ ღირსების შემლახავ იარლიყს გვაწებებენ და ფაქტობრივად აგენტობას - უცხო ძალის ინტერესების გამტარობას გვაბრალებენ. საკმაოდ დაუსაბუთებელი, ცრუ და ღირსების შემლახავი ბრალდებებით ავრცელებენ ჩვენს მიმართ სიძულვილის რიტორიკას. ამასთან ერთად, იღებენ კანონს, რომელიც ქვეყანას უცვლის საგარეო ვექტორს და გასულია კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებიდან”, - აცხადებს თაზო კირტავა.
კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა, შარშანდელისგან განსხვავებით, რუსულ კანონს მაინც მიიღებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა” რეესტრში დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ₾25 000-ით განისაზღვრა.
“სულ ჯარიმებს ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გადაიხდის, ჩვენ მტკიცედ განვაცხადეთ, და ეს არის ურყევი პოზიცია, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ ამ რეესტრში, და ეს, ბუნებრივია, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების თანდათანობით დასუსტებას და გაქრობას, როგორც რუსეთში მოხდა. ამას შემდგომ მოჰყვება ის, რომ ეს სამეთვალყურეო საქმიანობა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები ვახორციელებთ, იურიდიული დახმარება, რასაც ჩვენ ვუწევთ, თანდათანობით გაქრება სამოქალაქო საზოგადოებიდან და ამას რა შედეგები მოჰყვება, ძალიან ცხადია, მათ შორის რუსეთის მაგალითზე”, - ამბობს საია-ს წარმომადგენელი.
საინტერესოა ისიც, რომ, მთავრობის განცხადებით, რუსული კანონი მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე ვრცელდება და ის ფიზიკურ პირებს არ შეეხებათ. კირტავა განმარტავს, რომ კანონის ამოქმედება თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
“საია უკვე 30 წელია არსებობს, 1,3 მილიონზე მეტ ადამიანს გაუწია იურიდიული კონსულტაცია და დახმარება უფასოდ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მუდმივად მოგვმართავენ ადამიანები, მათ შორის პენსიონერები, მოწყვლადი ჯგუფის წევრები, ქალები და ა.შ. რომლებსაც ვიცავთ აქტიურად სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. ეს ბუნებრივია გაქრება, ადამიანები ამ საშუალებას დაკარგავენ. რა თქმა უნდა, ეხება ფიზიკურ პირებს.
გარდა ამისა, დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა ბევრად გაუარესდება, სამოქალაქო საზოგადოების გაქრობასთან ერთად, სამეთვალყურეო საქმიანობის გაქრობასთან ერთად, იმ ადვოკატირებასთან ერთად, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები წევს სასამართლოს გაჯანსაღებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის პროგრესი და სიკეთეები, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია ევროინტეგრაციის კუთხით, შეუთავსებელს ხდის ევროპულ მისწრაფებებთან საქართველოს რეალობას, რაც, ბუნებრივია, თითოეულ ადამიანზე აისახება”, - განაცხადა თაზო კირტავამ.
საია-ს ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გავრცელებული პროპაგანდისა და კარგად დაგეგმილი კამპანიისა, რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო პოზიცია ერთსულოვანია, პროტესტი კი მასშტაბური: “ეს არ არის პროტესტი კონკრეტული კანონისა და სამართლებრივი ნორმების წინააღმდეგ, ეს არის პროტესტი საგარეო კურსის ცვლილების წინააღმდეგ, რუსეთის მოდელის გადმოღების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ამ პროტესტმა შედეგი არ გამოიღოს და ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება შედეგში არ გადაითარგმნოს”.