მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელი დაარეგისტრირა - საია

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა - ამის შესახებ საია ინფორმაციას Facebook გვერდის საშუალებით ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ", - წერს საია.

მანამდე სამთავრობო მედიასაშუალებები სოციალურ არხებში აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ NGO-ების საჩივარი ევროპულ სასამართლოში საერთოდ არ გაგზავნილა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი ადასტურებდა, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგში 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა და 22 ოქტომბერს ჩაბარდა.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა კი გრძელდება. მოსარჩელეები პირველ რიგში მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე "რუსული კანონის" არც ერთი მუხლის მოქმედება არ ჩერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები