16 მედია ორგანიზაცია, 120 არასამთავრობო ორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირი "რუსულ კანონს" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
ქურდოვანიძის თქმით, სტრასბურგში 6 მუხლი გასაჩივრდება.
"„რუსული კანონი“ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე ვიდავებთ", - განაცხადა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, მაისში მიღებული "რუსული კანონი" საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა კი გრძელდება. მოსარჩელეები პირველ რიგში მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე "რუსული კანონის" არც ერთი მუხლის მოქმედება არ ჩერდება.
სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ვადა შეზღუდული არ აქვთ.
"რუსული კანონის" წინააღმდეგ სასამართლოში 4 სარჩელია შესული: (პრეზიდენტი, 32 ოპოზიციონერი დეპუტატი, 122 არასამთავრობო, 2 მედია) რომელიც სასამართლოშია შესული.
"რუსული კანონის" კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობაზე პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით მსჯელობს: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.