მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NGO-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას რუსეთიც სთავაზობდა" - საია-ს თავმჯდომარე

საია

"ეს სინამდვილეში სიახლე არ არის და, სამწუხაროდ, რუსული კანონის პირობებში, მოსალოდნელიც იყო", - ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც იქმნება NGO-ფონდი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ რუსეთშიც დაინერგა.

"სწორედ ასეთ პრაქტიკას ამკვიდრებენ ის ქვეყნები, სადაც ამ ტიპის შემზღუდველ კანონმდებლობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და, მეორე მხრივ, თითქოს ახალ შესაძლებლობებს აჩენენ. იგივე მოხდა რუსეთშიც, როდესაც, კანონის პარალელურად, რუსეთმა აამოქმედა ფონდი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობდა.

როგორც ამ ფონდმა, ასევე საერთოდ კანონმა, რა შედეგები მოიტანა რუსეთში, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. დღეს იქ აღარ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც სახელმწიფო საქმიანობას გააკონტროლებდა, გამოავლენდა კორუფციის ფაქტებს, ილაპარაკებდა უფლებების დარღვევის პრაქტიკებზე..." - ამბობს საია-ს თავმჯდომარე.

ქურდოვანიძე NGO-ების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად დასავლეთში დამკვიდრებული მსგავსი გამოცდილებისა, ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ხელისუფლება ორგანიზაციას, რომელიც მას აკონტროლებს, არ დააფინანსებს.

"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკები, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომელშიც ეს ინიციატივაა მიღებული და თუ როგორია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა.

ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკული შენიშვნა თუ განცხადება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ჩვენი დამოუკიდებელი ანგარიშების გამო თავდასხმის მსხვერპლიც ხშირად გავმხდარვართ. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენნაირი ორგანიზაცია მიიღებდა თუ არა სახელმწიფო დაფინანსებას იმისთვის, რომ გაეკრიტიკებინა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელიც არის", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

საია-ს ხელმძღვანელი ასევე ადასტურებს, რომ ორგანიზაცია "რუსული კანონის" რეესტრში დარეგისტრირებას არც არასდროს განიხილავდა და არც დაფინანსების სანაცვლოდ აპირებს ამას.

"ამის არანაირი სურვილი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს რეესტრი ჩვენი საქმიანობის შემზღუდავად მიგვაჩნია. პრემიერი როდესაც ამბობს, თითქოს ვინც არ რეგისტრირდება, კანონს არღვევს, ჩვენ სინამდვილეში კონსტიტუციას ვიცავთ. ეს კანონი არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო რეგულაციები და სწორედ ამიტომ არ ვემორჩილებით მას.

ჩვენ ღირსების შემლახველ რეესტრში რეგისტრაციის სანაცვლოდ რაიმე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას არც კი განვიხილავთ და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ორგანიზაცია თან იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან, და თან რჩებოდეს ორგანიზაციად, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს, ამხელს კორუფციაში და ა.შ." - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

9 სექტემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ NGO-ები, რომლებიც დარეგისტრირდნენ "რუსული კანონის" რეესტრში, მრავალ მილიონიან დაფინანსებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები