"პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე წერს.
საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რაც კონსტიტუციონალისტების დიდი ნაწილის განმარტებით ნიშნავს, რომ სანამ სარჩელი განხილვაშია, პარლამენტი ვერ შეიკრიბება.
სხვაგვარად განმარტავს კანონს "ქართული ოცნება". პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის სარჩელის მიუხედავად, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.
"საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სარჩელს განხილვის შესაბამისი პროცედურები და ეტაპები აქვს.
პირველი ეტაპია სარჩელის რეგისტრაცია. ეს ეტაპი სარჩელმა უკვე გაიარა.
მეორე ეტაპია სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტა.
მესამე - საკითხის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.ამ ყველაფრისთვის კანონით დადგენილია 30-დღიანი ვადა.
საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან. კანონში არ არის რაიმე დათქმა, რომლითაც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა არმიჩნევის საკითხი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს გავლილი აქვს უკვე რეგისტრაციის ეტაპი და სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლობის (რისი საფუძველიც ამ სარჩელთან მიმართებით არ არსებობს) შესახებ ან განსახილველად მიღების შემთხვევაში - არ გადაწყდება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა, პარლამენტს არ აქვს უფლება, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება.
პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან", - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.