იურისტი საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული ცვლილებების მიღება ერთგვარი სასჯელია იმ მოხელეებისთვის, რომლებმაც ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, კრიტიკულად შეაფასეს და ღიად გაემიჯნენ.
როგორც ბრაჭველი BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას განმარტავს, საჯარო მოხელეების მხრიდან ამ მასშტაბის პროტესტი უპრეცედენტო შემთხვევაა, რასაც "ოცნებამ" ისეთი საკანონმდებლო ცვლილებებით უპასუხა, რომლითაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დაარღვია.
"ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების სხვადასხვა მაღალჩინოსნის განცხადებები, იქნებოდა ეს ბატონი კობახიძე, კალაძე თუ სხვები, რომლებიც ამბობდნენ და ახლაც არ ერიდებათ და ამბობენ, რომ ისინი შურს იძიებდნენ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ასე ხმამაღლა გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციებს.
კი ეს ერთგვარი სასჯელია. ეს იყო უპრეცედენტო პასუხი, საჯარო მოხელეთა ასეთი განცხადებები აქამდე არ მახსენდება. ვნახეთ ისეთი საჯარო მოხელეების განცხადებები, რომლებიც მანამდე არასდროს გვინახავს - თავდაცვის სამინისტროში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკრებულოში, მერიაში დასაქმებულების - ეს აჩვენებს ზუსტად იმას, რომ ჩვენ გვყავს კეთილსინდისიერი მუშაკები, რომლებიც საჯარო და სახელმწიფო ინტერესისთვის მუშაობენ და არა - პარტიის.
ეს არ მოეწონათ და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ეს განცხადებები და 5 დღეში ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ელემენტარულად ძალიან ცუდადაა დაწერილი და გავყავართ ასოცირების ხელშეკრულებიდან, რომლის მეოთხე მუხლიც თავის დროზე საჯარო სამსახურის რეფორმის ჩატარების საფუძველი გახდა", - აღნიშნავს საბა ბრაჭველი.
იურისტი განმარტავს, როგორ აისახება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. იგი აღნიშნავს, პროტესტს უნდა იწვევდეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მენეჯერულ პოზიციებზე კანდიდატებს მმართველი პარტია დანიშნავს.
"მათ ["ოცნებას"] წარმოუდგენიათ საჯარო სამსახური არა ისეთი ადამიანებით სავსე სტრუქტურად, რომლებიც, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ, ქმნიან ინსტიტუციურ მეხსიერებას და ინსტიტუტს, რომელიც გაუძლებს ცვლილებებს, არამედ მათ წარმოუდგენიათ საჯარო სამსახური როგორც პარტიული მუშაკების დასაქმების ადგილი, სადაც არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, დამოუკიდებლობა და ა.შ.
ამიტომ ისინი თანამშრომლებს მთლიანად უხსნიან შრომით დაცვის გარანტიებს, საჯარო მოხელის სტატუსს, შემოერღვათ ისიც, რომ ახლა მაღალი რანგის მენეჯერი შეიძლება საერთოდ არ იყოს საქართველოს მოქალაქე და არ იცოდეს ქართული ენა, ესეც გამორჩათ, ან შეიძლება განზრახ გამოტოვეს. რაც შეეხებათ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, რომელთა მენეჯერებიც პარტიულად იქნებიან დაკომპლექტებული, მათთვის შესაძლებელი იქნება თანხის ჩამოჭრა, ასევე მათი დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, პირდაპირ გათავისუფლება რეორგანიზაციის საბაბით და არავითარი დაცვის გარანტია აღარ იარსებებს. ეს ყველაფერი, ცხადია, უნდა გახდეს საჯარო მოხელეთა კიდევ უფრო ხმამაღალი პროტესტის საგანი", - აცხადებს საბა ბრაჭველი.
ერთპარტიულმა პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები გასული კვირის ბოლოს დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ცვლილებები, მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმების წესების ცვლილებებთან ერთად, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხებსაც ამარტივებს.
ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა