მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იქნება დაბრუნება წარსულში" - ბრაჭველი "საჯარო სამსახურის" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე

სანდფკწს

"რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება დაბრუნება წარსულში", - ამის შესახებ იურისტმა, საბა ბრაჭველმა, "საჯარო სამსახურის" შესახებ კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა. მისი თქმით, რეორგანიზაციისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხების იმ ფორმით დარეგულირებით, რა ფორმითაც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ქვეყანაში კორუფციისა შემთხვევები გაიზრდება.

"ეს იქნება დაბრუნება წარსულში, სადაც ჩვენ გვინახავს ადამიანების უკონკურსოდ დანიშვნა სრულიად შეუფერებელ თანამდებობაზე, ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე. ეს არის ნეპოტიზმი, ის სისტემური კორუფცია, რომლის დასაძლევადაც ძალიან ბევრი იშრომა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ზოგადად საქართველომ.

შეუძლებელია, რომ ამან არ გამოიწვიოს საჯარო მოხელეების პროტესტი. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენმა უფროსმა გამოგიცხადოთ, რომ მას შეეძლება თქვენი ხელფასის 6 თვიდან 1 წლამდე ვადით დაკავება, თქვენი სამსახურიდან გათავისუფლება დაუსაბუთებლად, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და თქვენი სხვაგან გადაყვანა, ისე რომ აზრს არავინ არ გკითხავთ. უბრალოდ შეუძლებელია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს პროტესტი არ გაუჩნდეს, უბრალოდ უნდა ვნახოთ, რამდენად ხმამაღალი იქნება ეს", - ამბობს საბა ბრაჭველი.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია "საჯარო სამსახურის ბიუროს" მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირება, იურისტი აღნიშნავს, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ბიუროს არსებობა აზრს დაკარგავს.

"საჯარო სამსახურის ბიურო არის მთავარი ორგანო, რომელსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში მსახურება იყოს მიმზიდველი, ღირსეული და სამართლიანი პირობების შემქმნელი. თუ ეს კანონმდებლობა ამოქმედდა, ბიუროს არსებობა აზრს დაკარგავს, რადგან ამ ცვლილებებში არაფერია არც მიმზიდველი, არც ღირსეული და არც სამართლიანი. პირიქით, ეს არის თანამედროვე სტილის მონობა და არ მგონია, რომ ქართველ ადამიანებს სურდეთ მონობაში გაჩერება", - ამბობს იურისტი.

ცნობისთვის, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, ელგუჯა მაკალათიამ BMG-სთან აღნიშნა, რომ ბიუროს ამჟამად ხელმძღვანელი პირი არ ჰყავს, რის გამოც დაწესებულება თავის ოფიციალურ პოზიციას ვერ ასაჯაროებს.

ბრაჭველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა მიღებული ცვლილებები გააპროტესტონ სანამ დროა, რადგან თუ სამოქალაქო საზოგადოება ამ ბრძოლაში დამარცხდება, ქვეყანაში 1937 წლის რეპრესიები დაბრუნდება.

"მთავარი, რისი შეხსენებაც მათთვის მინდა არის გერმანელი პასტორის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ სხვების ჩაგვრის დროს ჩუმად ვიყავი, როცა მე დამჭირდა ხმის ამოღება, აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც დამეხმარებოდაო. ასეა ახლაც, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ თუ თქვენ გამოხატავთ პროტესტს, ის ადამიანები, ვინც ქუჩაში ვართ თუ სხვაგვარად ვცდილობთ ამ ქვეყნის გადარჩენას, მხარში ამოგიდგეთ და დაგეხმაროთ. თუ ეს ბრძოლა ჩვენ წავაგეთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც გახდებით ამ უდიდესი, 37 წლის მსგავსი წმენდის მონაწილეები და მსხვერპლები. ამიტომ, ხმის ამოღების დრო ახლაა", - განაცხადა საბა ბრაჭველმა.

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები მარტივდება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით მიიღო. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები