მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აფიქსირებს პოზიციას საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის კანონში შეტანილ ცვლილებებზე?

საჯარო სამსახურის ბიურო

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას“, - ასე გამოეხმაურა გასული კვირის ბოლოს საჯარო სამსახურის ბიუროს 14 თანამშრომელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა

BMG დაინტერესდა, მონაწილეობდა თუ არა თავად საჯარო სამსახურის ბიურო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში და/ან რატომ არ აფიქსირებს პოზიციას კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

როგორც გავარკვიეთ, ბიუროს ამჟამად ხელმძღვანელი არ ჰყავს, ამიტომ ჩვენს კითხვებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ ელგუჯა მაკალათიამ უპასუხა.

- საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი არ ჰყავს. ამჟამად მოვალეობას მარიამ ცენტერაძე ასრულებს, ამიტომ დაწესებულება თავის პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა მოგეხსენებათ, თანამშრომლებმა თავისი მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს. ეს ის ხალხია, ვინც წლებია მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა... დაწესებულების პოზიციას ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ; რომ ყოფილიყო საჭირო ან შესაძლებლობა, ბიურო დააფიქსირებდა თავის პოზიციას.

- თქვენ პირადად რა პოზიცია გაქვთ?

- მე გამაჩნია ჩემი პოზიცია და თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ საჯაროდ გავაჟღერო, გავაჟღერებ. ამ ეტაპზე კი, არ ჩავთვალე საჭიროდ, საჯარო გამეხადა ჩემი პოზიცია.

- ბიურო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში მონაწილეობდა?

- ბიუროს არ მიუღია მონაწილეობა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში და ვერ მოხდა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებაც, როცა მიმოწერა იყო [პარლამენტთან]... პარლამენტმა დაამუშავა და მიიღო.

- არ უკითხავთ რა პოზიცია ჰქონდა ბიუროს?

- პირვანდელი ვარიანტი იყო შემოსული, მაგრამ შემდეგ სამუშაო პროცესში შეიცვალა... ჩვენგან არ ყოფილა რამე ოფიციალური პოზიცია გაჟღერებული არც ვებგვერდზე გამოქვეყნებით და არც პარლამენტისთვის მიწერით.

ცნობისთვის: საჯარო სამსახურის ბიუროს მისიაა, ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლად, გამართულად და კანონის შესაბამისად ფუნქციონირებას, რაც საქართველოს საჯარო სამსახურს საუკეთესოდ აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები