თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ლევან ბერძენაშვილი პარტიასა და საკრებულოს დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც ბერძენაშვილმა მედიასთან განმარტა, იგი მიმდინარე წლის 10 ივნისამდე შვებულებაშია, საკრებულოში დაბრუნებისთანავე კი "ქართულ ოცნებას“ და საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს.
"მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო", - უთხრა ბერძენაშვილმა "რადიო თავისუფლებას".
მანამდე, 29 აპრილს გამართულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ლევან ბერძენაშვილმა მმართველ პარტიას მიმართა და რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა მაშინვე თქვა, რომ "რუსული კანონის" საბოლოო მიღების შემთხვევაში დატოვებდა ფრაქციასა და საკრებულოს.
"“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება”, - ამბობდა მაშინ "ქართული ოცნების" დეპუტატი.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, BM.GE თავად ლევან ბერძენაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გადაწყვეტილება დაგვიდასტურა.
"საკრებულოს უახლოეს სხდომაზე საჯაროდ გავაკეთებ განცხადებას, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული არაკონსტიტუციური და მოღალატეობრივი კანონის გამო", - განაცხადა მან BM.GE-სთან.