ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 25 მლნ ლარზე მეტი დაჯდა. ობიექტი "ოცნების" მთავრობის წევრებმა დღეს დაათვალიერეს.
სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. "ოცნების" მთავრობის ინფორმაციით, პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.
სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33x25 მეტრი) და მცირე (16x7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. მრავალფუნქციური შენობა, საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს.
სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კომპლექსში ფუნქციონირებას შეძლებს ღია კაფე და სპორტული ინვენტარის მაღაზია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი.
„აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარეობს საკალათბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები და ასევე, იგეგმება ფეხბურთის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის. ანალოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას. მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით დაფინანსდა.




























