ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს. საპროექტო მომსახურებაზე 413,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 20 იანვარს ფონდმა შპს "არქიტექტურულ საამქროსთან" გააფორმა და მის ფარგლებში უნდა მომზადდეს 3.4 ჰექტარზე არსებული პარკის რეაბილიტაციის და პროექტი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალციხის ცენტრში უნდა მოეწყოს თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შექმნის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის კომფორტულ გარემოს.
"ახალ ცენტრალურ პარკში უნდა მოეწყოს საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი.
ასევე, გათვალისწინებული იქნება პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლების და შადრევნების მოწყობა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება გარე განათების, წყალმომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სისტემები", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, პარკის პროექტირების ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა.
კონტრაქტორმა სამუშაოები 6 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. პროექტის მომზადების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო კონტრაქტი, წინასწარ უცნობია რამდენი მილიონი ლარი იქნება მისი ღირებულება.




























