მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

№21 სკოლაში ₾506,000-ის სარემონტო სამუშაოებისთვის შესყიდვა გამოცხადდა - ვინ შეასრულებს?

N21 სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №21 საჯარო სკოლის შენობაში უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად 506 281 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფონდმა 29 სექტემბერს მიიღო.

შესყიდვის საფუძვლად მითითებულია გადაუდებელი აუცილებლობა. ხელშეკრულება შპს „ინსისთან“ გაფორმდება, ხოლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 506 281 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის კატეგორიაა შენობის დასრულების სამუშაოები, მათ შორის აღდგენითი და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოები.

ფონდის განმარტებით, სამუშაოების საჭიროება უკავშირდება პეტრიაშვილის ქუჩა №7-ში მდებარე №21 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკურ მდგომარეობას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეკომენდაციებს. ბიურომ სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნა 10 სექტემბერს გასცა, ხოლო შესაბამისი რეკომენდაციები ფონდმა განათლების სამინისტროსგან 24 სექტემბერს მიიღო. 26 სექტემბერს ფონდს ასევე ეცნობა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო.

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის გამოყენების მიზეზად ფონდი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონული ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებულმა ვადებმა შესაძლოა სამუშაოების დროულად შესრულება ვერ უზრუნველყოს. ფონდის შეფასებით, რეკომენდებული ღონისძიებების გაჭიანურებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სკოლის შენობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და შექმნას მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია სკოლის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციისთვის და არ მოიცავს შენობის სრულმასშტაბიან გამაგრება-რეაბილიტაციას ან ახალი შენობის მშენებლობას.

ფონდის დოკუმენტაციაში სამუშაოების დასრულებისთვის ოთხთვიანი ვადაა მითითებული — 2026 წლის 5 ოქტომბრიდან 2027 წლის 5 თებერვლამდე. შესყიდვის ჩანაწერში კი ხელშეკრულების ვადად 5-31 ოქტომბერია მითითებული.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.

24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გაირკვა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეები ამავე სკოლაში დაასრულებენ, 2027/2028 სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები