მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასაწყობი სკოლების ტენდერში "ევრო პანელ ჯგუფმა" გაიმარჯვა - ღირებულება ₾19.5 მილიონია

დროებითი სკოლა

ასაწყობი, იგივე დროებითი სკოლების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22.5 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში ერთადერთი წინადადება კომპანია "ევრო პანელ ჯგუფმა" წარადგინა, რომელიც სახელმწიფოს აღნიშნული ტიპის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას 19.5 მილიონ ლარად სთავაზობდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა და მის მიზანს 750 სასკოლო მოდულის შესყიდვა წარმოადგენდა. წარდგენილი წინადადების თანახმად, ახალი დროებითი სკოლები ე.წ. "სენდვიჩ პანელებით" მოეწყობა.

პროექტისთვის 750 მოდულის შეძენაა დაგეგმილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტში 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული დანიშნულების მოდული შედის.

საკლასო ოთახის თითოეული მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი. საორიენტაციო ზომად 3 მეტრი 7 მეტრზეა განსაზღვრული. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს გათბობისა და გაგრილების სისტემით.

ტენდერის პირობებით, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდებისა და მონტაჟის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მოდულების კონსტრუქციისა და გარე შემოსვის საგარანტიო ვადა არანაკლებ 10 წელი იქნება, საინჟინრო სისტემების - 5 წელი, გათბობისა და გაგრილების სისტემების კი - 2 წელი. მოდულების მინიმალური საექსპლუატაციო ვადა 10 წლით არის განსაზღვრული.

"მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო", - ნათქვამია პროექტზე განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

შპს ევრო პანელ ჯგუფი 2022 წელსაა დაფუძნებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: გიორგი ლოლუა (34%), არმენ ადამიანცი (33%) და გიორგი შოშიტაიშვილი (33%). გიორგი ლოლუას სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება, მათ შორის შპს გოლდ ვეი გრუპი, შპს ინვესტ ჰაბი, შპს კაპიტალ ფოინთი. ეს უკანასკნელი 2026 წლის გაზაფხულზეა დარეგისტრირებული და მისი მფლობელები შპს ევრო პანელ ჯგუფის მსგავსია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები