სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2021-2022 წლების შემოსულობებმა 41,097.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 38,545.8 ათასი ლარი შეადგინა. ანუ, საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში 23% და 19% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი დააგროვა.
ცხრილი №1. მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება 2021-2022 წლებში (ათასი ლარი)
„2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წლის ბოლომდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები სრულად ვერ აითვისა.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები ვერ მიიღო. ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს ფლობდა.
კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით 2,987.6 ათასი ლარი ერიცხებოდა. 2021 წლისათვის მუნიციპალიტეტმა 2,773.5 ათასი ლარის ათვისება დაგეგმა, თუმცა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1,068.4 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს 4,056.0 ათასი ლარის ოდენობით ნაშთი დაფიქსირდა, საიდანაც 2,279.1 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა 4,043.2 ათასი ლარის ათვისება დაგეგმა, თუმცა 1,483.4 ათასი ლარი დააგროვა. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 5,539.4 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 3,367.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია,“- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო და არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი) დააგროვა. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
აუდიტის რეკომენდაციით,ახალციხის მუნიციპალურმა მერიამ ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და ბიუჯეტის გაწერისას კონტროლის დამატებითი მექანიზმი დანერგოს, რომელიც თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას უზრუნველყოფს.