საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას განცხადებით, მოცემულ ვითარებაში ბიზნესმა საჯარო მოხელეებს ხელი უნდა შეუწყოს, რათა მათ სამსახურის დატოვება არ გაუჭირდეთ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, თანხა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტმა გამოყო, ემსახურება იმ ადამიანების დასაქმებისთვის ხელფასის უზრუნველყოფას, ვინც საჯარო სამსახურს დატოვებს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ახლა შეგვიძლია ქართულ ბიზნესებს რომ გავაკეთოთ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკას, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, ემიჯნება რუსეთის ვექტორს, ემიჯნება იმას, რომ ევროპასთან მიახლოება გადავდოთ, ემიჯნება იმას რაც ახლა ქუჩაში ხდება, მაგრამ მათ უჭირთ იმ ნაბიჯის გადადგმა რაც არის სამსახურის დატოვება, რადგან მათ უკან არის ოჯახი. ქართულ ბიზნესებს ახლა შეუძლიათ შევასრულოთ მნიშვნელოვანი როლი და ხელი შევუწყოთ ფინანსურად ამ ადამიანებს, რომ მათ ადვილად გადადგან ეს ნაბიჯი.
თანხა, რომელიც საჯარო სექტორიდან წამოსული მოხელეებისთვის გამოვყავით, მოხმარდება ჩვენ მიერ დასაქმებული ხელფასებით უზრუნველყოფას. ჩვენ არ შეგვიქმნია ფონდი, სადაც ვითხოვთ თანხის ჩარიცხვას, ეს არის ჩვენი შიდა ბიუჯეტიდან. ჩვენი სახელფასო ფონდი გავზარდეთ და ჩვენ დავასაქმებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის დატოვება მოუწევთ“, - აცხადებს თოფურია.
მისივე ცნობით, საქართველოში ავტორიტატული დიქტატურა დიდხანს ვერ ძლებს, რადგან საზოგადოებას შორის ისეთი გამიჯვნა ვერ ხდება, როგორც ეს რუსეთში, ბელორუსიაში ან სხვა ქვეყნებშია. თოფურიას თქმით, ადრე თუ ბიზნესი ჩუმად იყო, ახლა ყველამ ხმა უნდა ამოიღოს.