თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, სანქციების შედეგად, ივანიშვილმა დაკარგა აშშ-სგან მხარდაჭერის მცირედი შანსიც კი და ეს გზავნილია, რომ მან ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. ბაჩიაშვილმა ამის შესახებ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში დაკარგა მცირედი შანსიც კი, რომ რამენაირი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-სგან. ეს ნიშნავს ამერიკის მხრიდან უკვე ყველა ხიდის დაწვას და გზავნილს, რომ ივანიშვილმა უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები და ქვეყანა, პირველ რიგში, თავისი ხელისუფლება, დემოკრატიულ ჩარჩოებში დააბრუნოს. ორივე ადმინისტრაცია ერთსულოვანია ამაში და არანაირი ის, რომ ტრამპი მოვა და გაათავისუფლებს, არ მოხდება",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეიძლება იმოქმედოს ივანიშვილმა სანქციების ფონზე, ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ახლა პოკერის მოთამაშესავითაა, რომელსაც ხელში არაფერი უჭირავს. ბაჩიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
"დღეს იმ დონემდე არის მისული, რომ მისმა უკან დახევამ მისივე გუნდის წევრების საბოლოო ჩამოშლა შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, ახლა ივანიშვილი არის, როგორც პოკერის მოთამაშე, რომელსაც ხელში არანაირი კარტი აღარ უჭირავს. ის ბოლომდე გააგრძელებს თავის ბლეფს და ხალხის მოტყუებას, თუმცა მისი ტყუილები უკვე ზოგი 5 წუთში იშიფრება, ზოგი ნახევარ საათში. მისმა სიტყვამ ფასი ძალიან დაკარგა. არ გამოვა კობახიძეზე ხელის შეწმენდა, ერთადერთი გზა არის, რომ ის დაუბრუნდეს დემოკრატიულ მმართველობას დანიშნოს ახალი არჩევნები. ამ ხალხს არ გააჩერებს კობახიძის გადაყენება. ამ ათი და ასიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოდის, უნდათ დემოკრატიული, ცივილიზებული, დასავლური ტიპის ქვეყანა",- თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული Credit Suisse-ისგან თანხის ნახევარი უკვე მიიღო, თუმცა დანარჩენს სანქციების გამო ვეღარ მიიღებს.
"Credit Suisse-ისგან მისაღები 1.3 მლრდ დოლარიდან დაახლოებით ნახევარი უკვე მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და ამაზე რა თქმა უნდა, არ შეატყობინა ქართველ საზოგადოებას. დანარჩენი კი ეკრძალება ბანკს რომ გადაუხადოს, სანქციებში ჩაწერილია და ამერიკის სპეციალური თანხმობის გარეშე ამ თანხის გადახდა არ მოხდება.
დანარჩენი აქტივები, რაც გარე ბანკებშია და გარეთ, ყველაფერი გაიყინება. რაც საქართველოშია და რის 50%-ზე მეტ წილსაც ფლობს, იმ ყველა კომპანიაში და აქტივებში შეწყდება საბანკო მომსახურებები, იმ კომპანიებში, სადაც მინორიტარი აქციონერია, მას წილის გასხვისებასთან დაკავშირებული ოპერაციები აეკრძალება, ანუ ბანკები ამ ოპერაციებს არ გაუტარებენ. ასევე, მის ოჯახის წევრებს, ვისაც კი უბრალოდ თავის სახელზე აქვს ივანიშვილის ქონება გაფორმებული, ეს იქნება მისი ოჯახის წევრი თუ სხვა ბიზნესმენი, მათზეც იგივე სანქციები გავრცელდება.
რაც შეეხება ივანიშვილის ყოველდღიურობას, ელემენტარული, ბარათზე და ანგარიშზე საუბარი ზედმეტია. ქეშით მოუწევს ნებისმიერი ტრანზაქციის გაკეთება",- განმარტავს გიორგი ბაჩიაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.




























