"ახლა ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებში ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა არ არის.
"დამატებით ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია. ბაზარი გაჯერებულია, შესაბამისი ხელფასია. დღეს არსებული ხელფასები იმდენით არის გაზრდილი, ამაზე მეტის ზრდის საშუალება, არ არის. ბრუნვა, რომელიც სფეროშია, დამსაქმებელს საშუალებას არ აძლევს, დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდოს. დღესდღეობით, ხელფასი მინიმუმ 1200 ლარიდან იწყება, შეფზე 5000-6000 ლარზე ადის. თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება, სფეროს რყევები არ ექნება და მუშა ხელის პრობლემა დასტაბილურდება, ხელფასების ზრდის გამოსწორებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის გამოკითხვის მიხედვით, ივნისში, მაისთან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე დაკლებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.