მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა ტურბულენტურ ზონაში ვართ“ - RE/MAX Capital

ასათიანი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის მარიამ ასათიანის თქმით, იანვრიდან მაისამდე უძრავი ქონების ბაზარი ჯანსაღად ვითარდებოდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო კი გაურკვევლობა გაჩნდა როგორც მომხმარებლებში, ისე ინვესტორებში.

როგორც მარიამ ასათიანმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ინტერესის კლება უცხოელი ინვესტორების მხრიდან ფიქსირდება. რაც შეეხებათ იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში ოფისებს ქირაობდნენ, მათი გასვლის ფაქტები არ ფიქსირდება.

„ახლა ვართ ტურბულენტურ ზონაში. რთული პერიოდია. მანამდე ჩვენი თვითმფრინავი ადიოდა ზევით, არაჩვეულებრივი წელი იყო იანვრიდან, ძალიან აქტიური იყო ბაზარი. სრულად ამოწურული იყო მიგრანტების ეფექტი, ჯანსაღი იყო ფასიც და მოთხოვნაც, მიწოდებაც და მოლოდინიც და აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე ამ პრობლემის წინაშე დავდექით, რასაც გამჭვირვალობის კანონი დაერქვა. მოსახლეობაც და ჩვენი ინვესტორებიც გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. რასაკვირველია, პირველ რიგში, ასეთ დროს გადავადების გადაწყვეტილებას იღებს უცხოელი ინვესტორი, რადგან მას აქვს არჩევანი სხვადასხვა ქვეყნებში წაიღოს თავის ინვესტიცია. თუ შევეხებით საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ოფისებს ხსნიან ან ქირაობენ აქ, ამას ჯერ არ შეხებია, თუ ამასაც შეეხო უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე რთული მაჩვენებელი იქნება. რაც შეეხება საცხოვრებელს, აქ უფრო სხვა მოტივაცია აქვს ადგილობრივ მომხმარებელს. ის ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შედეგად დაიკლებს ფასი.

მაისის გავლენას შემდეგ კვარტალში ვნახავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ფასებზე არ იქნება გავლენა. ფასი რომ შემცირდეს, სტაგნაცია დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს. ახლა იმდენად ჯანსაღად ვითარდებოდა სექტორი, რომ არცერთ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. გაყიდვები შეიძლება შეჩერდეს ან გადავადდეს, თუმცა ეს ფასზე ვერ აისახება.

ნებისმიერი სფეროში ჩართული პროფესიონალის თუ მყიდველის კომენტარი ემატება ერთმანეთს და ამიტომ ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი, რომ რაღაც კრიზისი მწიფდება. მე არ მაქვს ეს მოლოდინი. ისევ ინვესტორებს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი ბაზარი სტატუსის მიღების შემდეგ ძალიან საინტერესო გახდა. მაისამდე ეს ასე იყო, მაისში კი არნახული ერთობა გამოჩნდა როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში აუცილებლად შევალთ და უძრავი ქონება გაძვირდება. დღეს მოლოდინი, რომ უძრავი ქონება გაიაფდება, არ არის“, - განაცხადა ასათიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები