2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში 530 საცხოვრებელი პროექტი მიმდინარეობს, რაც 5.7 მლნ კვ.მ ფართობსა და დაახლოებით 88 000 ბინას მოიცავს. Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 80%-ით მეტია.
უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე წარმოდგენილ კვლევაზე საუბრისას კომპანიის კვლევებისა და მონაცემთა სერვისის ხელმძღვანელმა, მარიამ ასათიანმა განაცხადა, რომ ბაზარზე ბინების ათვისების დინამიკა ჯანსაღია: გასაყიდი ბინების დაახლოებით 30% მშენებლობის დაწყებამდე იყიდება, 30%-ზე ოდნავ მეტი მშენებლობის პროცესში, დანარჩენი კი პროექტის დასრულების შემდეგ.
ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახალ პროექტებში შეძენილი ბინების 17% პირველივე წელს ხელახლა იყიდება.
Colliers Georgia-ში ყურადღებას მოთხოვნის მთავარ ფუნდამენტურ ფაქტორზე - მოსახლეობის ზრდაზე ამახვილებენ. საქსტატის 2014 და 2024 წლების აღწერების შედარებით ირკვევა, რომ 10 წელიწადში თბილისის მოსახლეობა 20%-ით, 223 000 ადამიანით გაიზარდა. ამ ზრდის 80% ოთხ რაიონზე - სამგორზე, საბურთალოზე, დიდ დიღომსა და გლდანზე მოდის, რაც პირდაპირ თანხვედრაშია ამ უბნებში მიმდინარე აქტიურ მშენებლობებთან.
„ჩვენ ვხედავთ ბოლო10 წელში წელიწადში მოსახლეობის 20%-იან ზრდას. თბილისს დაახლოებით 223 ათასი ადამიანი დაემატა და ზრდის დაახლოებით 80% სამგორსა და საბურთალოზე, ასევე დიდ დიღომსა და გლდანზე მოდის. ყველაზე მრავალრიცხოვანი უბანი სამგორია. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კი ქალაქის ცენტრი ანუ მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ასევე ჩუღურეთი და ისანი.
უცხოელების წილი ბინის ტრანზაქციებში ახლა 12%-ია, მაშინ როდესაც 2021-ში 6% იყო. რაოდენობრივად ყველაზე მეტს საბურთალოსა და დიდ დიღომში ყიდულობენ", - აღნიშნა ასათიანმა.
























