დეველოპერული კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დღეს კომპანიის გაყიდვები გაცილებით მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჰქონდათ. როგორც BMG tv-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" ბესო ორთოიძემ აღნიშნა, კომპანიაში 2025 წლის დაგეგმვისას გაცილებით ნეგატიური მოლოდინები ჰქონდათ, ვიდრე არსებული მდგომარეობაა.
უძრავი ქონების დარგის წარმომადგენელი სტაბილური მოთხოვნის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ უძრავი ქონების, როგორც აქტივის მიმართ საზოგადოებაში მაღალი ნდობა არის. ორთოიძის განმარტებით, საუბარი იმაზე რამდენად სტაბილურია მოთხოვნა გრძელვადიან პერიოდში დაკვირვებას საჭიროებს.
"წლის დასაწყისში და 2025 წლის დაგეგმვისას გაცილებით უარყოფით მოლოდინი არსებობდა, ვიდრე დღეს სახეზე გვაქვს. იანვარი ვიცით, რომ ისედაც პასიური თვეა და კლება ფიქსირდებოდა, თებერვლიდან მოთხოვნა გაიზარდა. ვაკვირდებით ამ ყველაფერს რის შედეგია, თუმცა ეს მოთხოვნა სტაბილურია და მარშიც გრძელდება. ეს შეიძლება იყოს რაღაცნაირად დაგროვილი, რაც უძრავი ქონების სექტორს ახასიათებს, როდესაც რამდენიმე თვეა პასიური და ასე იყო დეკემბერსა და იანვარში - ამის შედეგი იყოს.
ასევე ვუყურებთ დეპოზიტებს ბანკებში, რაც შემცირებულია და ამის ფონზე მოხდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ უძრავი ქონების მიმართ გარკვეული ნდობა არსებობს და როგორც აქტივი ბევრად მყარია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მე მახსოვს 2008 წლის კრიზისი, როდესაც ნდობის მომენტი საკმაოდ დავარდა. ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი უნდა, რადგან მოკლევადიან პერიოდში იმის სათქმელად, რომ დღეს მძიმე კრიზისში შევდივართ, ამის ნიშნები არ არის. ეს არის რყევა... ზოგადად გარემოს თუ შევხედავთ, ემოციებს გვერდზე გადავდებთ და უბრალოდ ციფრებს დავაკვირდებით, ამ ციფრებში რაიმე საგანგაშო დღეს არ იკვეთება, თუმცა ისევ ვიძახი, რომ მოკლევადიანი პერიოდი ამ დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის. ეს შეიძლება იყოს დაგროვილი მოთხოვნის შედეგი, ან დეპოზიტზე ანგარიშის შენახვა დღეს უფრო რისკიანია, ვიდრე უძრავი ქონების შეძენა, რომელიც უფრო მყარია და დაკარგვის საფრთხე ნაკლებია.
ფაქტია, რომ მოთხოვნა დღეს არსებობს. ჩვენს შემთხვევაში გაცილებით კიდევ უფრო მაღალია რეალიზაცია, ვიდრე გასულ წელს გვქონდა, თუმცა ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პროდუქტზე. არის იმის ალბათობაც, რომ გრძელვადიან პერიოდში ბაზარი უფრო გამსხვილდეს და აქცენტი უფრო მსხვილ მოთამაშეებზე გაკეთდეს. თუმცა ახლა საკმაოდ სტაბილური მოთხოვნაა. კვლევებით ირკვევა, რომ ჯამურად ბაზარი მცირედით არის შემცირებული, თუმცა ეს არ არის საგანგაშო, რადგან გვახსოვს, რომ გასულ წლებში უბრალოდ გაზრდილი იყო მოთხოვნა და ამის დასტაბილურებას ველოდებოდით. მოლოდინი და მზადყოფნა გაცილებით უარესი სცენარის გვქონდა, შესაბამისად ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ დავაკვირდეთ რამდენად ტენდენციურია ეს მდგომარეობა", - განაცხადა ბესო ორთოიძემ.