მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ახმეტის მუნიციპალიტეტში წყალდიდობა გამოიწვია.
BM.GE-სთან საუბარში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ფილაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდდა, რამაც მუნიციპალიტეტის გარკვეული ნაწილების, მათ შორის პანკისის ხეობის სოფელ ახალშენის დატბორვა გამოიწვია. მისი თქმით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ფილაშვილის ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
„მდინარე გამოვიდა კალაპოტიდან პანკისის ხეობაში, სოფელ ახალშენში. ახლა ზარალს ითვლიან. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. დიდი არაფერი, უბრალოდ გარკვეული დაზიანებებია“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა პანკისის ხეობას. გვიან ღამით, ერთ-ერთი მდინარის ადიდების შედეგად დაზარალდა სოფლები ქვემო და ზემო ხალაწანი. ადგილობრივების ინფორმაციით, ღვარცოფმა სოფლის შიდა გზები ჩახერგა და გადაადგილება გაართულა.


























